Categories

Additional

Website Language

Active date

“თელავმა” ახალი 3 ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

თოლორდავა და ჩუკურა დაბრუნდნენ, ჟუნიორი ახალწვეულია

Image source: FC Telavi - ფეისბუქის გვერდი

 

ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბი “თელავი” საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე გაძლიერებას აგრძელებს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურისცნობით გუნდმა 3 ფეხბურთელი დაიმატა.

“თელავის” ღირსებას 25 წლის ანტონ თოლორდავა, 29 წლის რაფაელ ჩუკურა და 32 წლის ნათან ჟუნიორი დაიცავენ.
მცველი ანტონ თოლორდავას ბოლო კლუბი ესტონური “ლევადია” იყო, იგი წლების მანძილზე, გუნდის დაარსების დღიდან თამაშობდა “თელავში”, გუნდის კაპიტანიც გახლდათ, ერთ-ერთი გამორჩეული და ქარიზმატული ლიდერიც და წამყვანი ფეხბურთელიც. თოლორდავა ახლა 30 ნომრით ითამაშებს.

მცველი რაფაელ უკვუბილე ჩუკურას ბოლო კლუბი ბათუმის “დინამო” იყო, ის “ძველი” თელაველია, გამოცდილმა მცველმა მართალია, ერთი სეზონი ითამაშა თელავურ გუნდში, მაგრამ გულშემატკივრებს შარშან კარგად დაამახსოვრა თავი.  ჩუკურა “თელავში” 33 ნომრით ითამაშებს.

თავდამსხმელი ნათან სოარეშ დე კარვალიო ჟუნიორის ბოლო კლუბი კი “სამტრედია” იყო და თელავურ გუნდში ნამდვილად ახალწვეულია, თუმცა მანამდე არაერთი კლუბი მოიარა: “სკონტო” (ლატვია), “კაპფენბერგი” (ავსტრია), “დილა” (გორი), “სკა ხაბაროვსკი” (რუსეთი), “ტონდელა” (პორტუგალია), “ალ ფატეჰი” (საუდის არაბეთი), “პასუშ ფერეირა” (პორტუგალია) და “აკადემიკა ვიზეუ” (პორტუგალია). ჟუნიორი “თელავში” 19 ნომრით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ქუთაისი “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე “ტორპედო” “თელავს” 20:00 საათზე შეხვდება.

 

 

 

წყარო – “თელავის” პრესსამსახური