Categories

Additional

Website Language

Active date

პაპუნა ფონიავა: “მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს, რომ ასეთ საშინელ ამინდში, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს”

პაპუნა ფონიავას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

“სამგურალმა” საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში 3:2 ანგარიშით “შუქურა” დაამარცხა და თასის ფინალში ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გავიდა, სადაც თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება.

“ჩელე არენაზე” ნამდვილი საფეხბურთო ტრილერი შედგა. წვიმისგან დატბორილ და დამძიმებულ მოედანზე გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა გამართეს, განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული მეორე ტაიმი გამოდგა. მატჩის შემდეგ “სამგურალის” ცხრიანი, პაპუნა ფოინიავა თანაგუნდელების მსავსად ემოციებს ვერ მალავდა.

“ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს, რომ ასეთ საშინელ ამინდში, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და ზედიზედ მეორედ გავედით ფინალში. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად!

რაც შეეხება გადამწყვეტი გოლის ეპიზოდს, როცა გრიგოლ დოლიძემ ბურთი “დამიგდო”, სხვა რამეზე არც მიფიქრია, დავინახე, რომ სივრცე იყო და კარში დავარტყი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც ამ გოლს მოჰყვა. საოცარი შეგრძნება იყო, ეს ემოციები დიდი ხანი გამყვება.

მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ასეთ ამინდში ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ და საოცარ მუხტს გვაძლევდნენ. ვეცდებით, რომ ფინალში ღირსეულად წარვსდგეთ. დადებითი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ!

“ჩელე არენა” ფაქტობრივად დატბორილი იყო, წვიმას თამაშის დროსაც არ გადაუღია. ასეთ პირობებში გოლის გატანა ჭირს ხოლმე, მაგრამ ამ შეხვედრაში პირიქით მოხდა, უმომენტო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ხუთი გოლი გავიდა. რა შეიცვალა მატჩის მეორე ნახევარში, ალღო აუღეთ მოედანს?

– გეთანხმებით, ძალიან რთულია ასეთ პირობებში თამაში. მეორე ნახევარში თამაში უფრო გაიხსნა, ალბათ, ეს გამარჯვების დიდი წყურვილის გამო იყო გამოწვეული, ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა… სიმართლე გითხრათ, ჯერაც ვერ მოვდივარ გონს, ეს რა თამაში მოვიგეთ!

– ზედიზეც მეორედ გახვედით თასის ფინალში, ეს შემთხვევით არ ხდება, რა არის გუნდის წარმატებების განმაპირობებელი?

– ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუნდი სწორად ვითარდება. კლუბის ყველა წევრი საქმეს პროფესიონალურად უდგება, შესაბამისად, შედეგიც გვაქვს. გუნდში უკვე რამდენიმე წელიწადია, ფაქტობრივად ერთი და იგივე კონტიგენტია, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ, შეძლებისდაგვარად ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ, სწორედ ეს ერთობაა წარმატებების ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი. ყველას ერთი მიზანი გვაქვს, თითოეულ თამაშზე გამარჯვებისთვის გავდივართ, რაც დღეს გამოგვივიდა კიდეც და ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ!”, – განაცხადა პაპუნა ფონიავამ.