კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვლადიმერ გუცაევი: “საქართველოს ნაკრებმა ევროპას უნდა გაახსენოს”

ვლადიმერ გუცაევის შეფასება

Image source: პირველი არხი სპორტი

 

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ წამყვანმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“ჩვენს ქართულ ფეხბურთში ბოლო 30 წელიწადში არ გვქონია უფრო მნიშვნელოვანი მატჩი, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის შეხვედრაა. ვეტერანები, სპეციალისტები და გულშემატკივრები არ ველოდებით, რომ ლამაზი ფეხბურთი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრები ლამაზ ფეხბურთსაც თუ აჩვენებს, ეს გაგვიხარდება, მაგრამ 12 ნოემბერს მთავარი შედეგი იქნება, რადგან ამით ძალიან დიდი საქმეს გააკეთებს მთელი საქართველოსთვის და კერძოდ, ფეხბურთისთვის. ამიტომ, რაც უნდა მოხდეს, ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა უნდა მოიგოს.

ჩემს კარიერაში ექვსი ფინალი მითამაშია და მათგან ხუთი მომიგია, მათ შორის, საბჭოთა კავშირის და ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამიტომ კარგად ვიცი, რა არის ფინალში თამაში და მშვიდი გარემო ძალიან ბევრს რომ ნიშნავს. ამავე დროს, ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრების წევრები ფსიქოლოგიურად არ უნდა გადაიწვან. სხვაგვარად მოგება არ არსებობს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ლუის მენოტი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1978 წელს არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მენოტის სიტყვებია, რომ თბილისის „დინამო“ 1981 წელს ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ძლიერები იყვნენ მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“. საქართველოს ნაკრებმა ევროპას უნდა გაახსენოს, რომ ჩვენ არავისზე ნაკლებ ფეხბურთს არ ვთამაშობდით და რომ ეს ახლაც შეგვიძლია. ახლა საქართველოს ეს წარმატება ძალიან სჭირდება“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ვლადიმერ გუცაევი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

სად შეგიძლიათ უყუროთ შემოდგომის ერთა თასს?