კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საფრანგეთში რაგბი დაბრუნდა – შედეგიანი პირველი ტური ქართველი ლეგიონერებისთვის

"ბრივის" მგეზავი თედო აბჟანდაძე

Image source: Getty Images

 

6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გასულ კვირაში საფრანგეთში რაგბი დაბრუნდა. გასული, შეწყვეტილი სეზონის შემდეგ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდებმა, 2020/21 წლების ჩემპიონატები დაიწყეს.

პირველი ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ტოპ 14-ის ახალ სეზონში თავისი პირველი ქულები მოიპოვა “ბრივის” მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, ხოლო პრო დე2-ის დაბრუნება ლელოთი აღნიშნა “პროვანსის” ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა.

ახალ სეზონში, ქართველი ლეგიონერებიდან მოედანზე პირველი ბექა გიგაშვილი გავიდა, რომლის “ტულონი” სტუმრად “ლა როშელთან” 15:29 დამარცხდა. ბორჯღალოსანი ბურჯი შეცვლაზე 33′-ე წუთზე შევიდა.

სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა გურამ გოგიჩაშვილისრასინგ 92’-მა. პარიზელები “ლიონს” ეწვივნენ და მეორე ტაიმში გატანილი 2 ლელოთი 27:23 მოიგეს. გოგიჩაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა.

სეზონი გამარჯვებით დაიწყო ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა გუნდმა “ბრივმა”, რომელმაც “ბეიონი” მიიღო და 42:23 დაამარცხა. წარმატებაში საკუთარი წვლილი ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა შეიტანა. პირველიდან 54‘-ე წუთამდე ითამაშეს 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ.

54‘-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში მგეზავი თედო აბჟანდაძე და ის გუნდს 12 ქულით შეეწია. 21 წლის მორაგბემ დასკვნით 20 წუთში 4 ჯარიმა გაიტანა. შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა “ბრივის” ახალწვეულმა, სამედიცინო ჯოკერმა ბადრი ალხაზაშვილმა, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

საფრანგეთში პოსტპანდემიური, ახალი სეზონი, 3 სექტემბერს პრო დე2-ის მატჩით გაიხსნა. “ბიარიცმა” “პერპინიანს” უმასპინძლა და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, რომელიც 57-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა. სტუმართა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ.

მეორე დღეს სეზონის პირველი ქართული ლელო გავიდა. “პროვანსი” საკუთარ მოედანზე მუდამ ძლიერად მოთამაშე “ანგულემს” ეწვია და ზაზა ნავროზაშვილის ლელოს წყალობით, 28:23 დაამარცხა. ზაზა თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო, ლელო კი 61-ე წუთზე გაიტანა. 2 ქართველი იყო მასპინძელთა განაცხადში და ორივეს დაგეგმილზე ადრე მოუხდა თამაშში ჩართვა – შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 26-ე, ხოლო ლუკა გოგინავა 35-ე წუთზე შევიდა.

“ვალანს რომანმა” “კოლომიე” მიიღო და 32:19 სძლია. “ვალანსის” სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და მოედანზე 64 წუთი გაატარა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

სეზონის პირველ მატჩში სტუმრად “ვანთან” 22:30 დამარცხდა ქართველების “ორიაკი”. სტუმართა შორის ოთხმა ქართველმა ითამაშა და 3 მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კვაჭი ლუკა ნიორაძე (შეცვალეს 67-ე წუთზე), მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შეცვალეს 51-ე წუთზე) და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელმაც 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ.

“გრენობლმა” “ნევერი” მიიღო და 27:17 დაამარცხა. პირველი 60 წუთი ითამაშა მასპინძელთა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ნიკა ნეფარიძე მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. “ნევერის” რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

“დილა” ამხანაგურ მატჩში თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” დაუზავდა