კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ 2019/20 წლების კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

დიდი 10-ის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი

Image source: rugby.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019/20 წლების საქართველოს კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საჭირო გახდა საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებების შეტანა, რომლებიც 1 წელი იმოქმედებს.

2020/21 წლების სეზონში დიდ 10-ს 2 კლუბი და ელიტაში 12 გუნდი ითამაშებს. დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნეს თბილისის “ლელო-სარასენსმა”, “ბათუმმა“, ქუთაისის “აიამ”, რუსთავის “ხარებმა”, თბილისის “აკადემიამ”, გორის “ჯიქმა”, ბოლნისის “ყოჩებმა”, თბილისის “იუნკერებმა”, თბილისის “ლოკომოტივმა”და მარნეულის “არმაზმა”. მათ პირველი ლიგიდან დაემატა 2 მოწინავე – ქუთაისის “არესი” და პატარძეულის “ვეფხვები”.

მომავალ სეზონში ეს 12 გუნდი 3 ეტაპად ითამაშებს. პირველ ეტაპზე ისინი ორ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ ჯგუფში მოხვდნენ “ლელო-სარასენსი”, “ხარები”, “აკადემია”, “იუნკერები”, “ლოკომოტივი” და ვეფხვები”, ხოლო მეორე ჯგუფში ითამაშებენ “ბათუმი”, “აია”, “ჯიქი”, “ყოჩები”, “არმაზი” და “არესი”.

გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფს შექმნიან, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.

მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები. ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ, მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან და შინ და გარეთ მხოლოდ მეორე ჯგუფში მყოფ სამ გუნდს შეხვდებიან.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაერთვებიან. პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ეთამაშება. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება.

ქვედა ექვსეულში პლეი-ოფები არ გაიმართება და ბოლო 3 გუნდი 2021/22 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, მეცხრეადგილოსანი კი, პირველი ლიგის მეორე გუნდთან პლეი-ოფს ითამაშებს.

2020/21 წლების სეზონში, პირველ ლიგაში ასევე 12 გუნდი ითამაშებს. თბილისის “არმიას”, სტეფანწმინდის “ყაზბეგს”, სამცხე-ჯავახეთის “ტაოს”, თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ბაგრატს”, ოზურგეთის “არწივებს”, თბილისის “დევებს” და თბილისის “ივერია ვარკეთილს”, რეგიონალური ლიგის 2019/2020 წლების სეზონის შეწყვეტამდე, პლეი-ოფში გასული ოთხეული დაემატება – თბილისის “ხვამლი”, “თელავი”, წყალტუბოს “დინოზავრი” და ჭიათურას “რაგბის სკოლა”.

12-გუნდიანი ელიტის მსგავსად, გუნდები აქაც გადანაწილდებიან ორ 6-გუნდიან ჯგუფში. მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფის 3-3 მოწინავე დიდ 10-ში ასასვლელად გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან. პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდება, მეორეადგილოსანი კი დიდი 12-ის მეცხრეადგილოსანთან პლეი-ოფებს გამართავს. 2021/22 წლების სეზონში, პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა კვლავ 10-მდე შემცირდება.

რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 4-4-მა გუნდმა გამოთქვა. განცხადებების მიღება გრძელდება და ჩემპიონატის ჩატარების დებულება მონაწილეთა რაოდენობის გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.

არაფერი იცვლება ჭაბუკთა ა და ბ ლიგაში და გუნდები ახალ ჩემპიონატს იმ მოცემულობით დაიწყებენ, რა მოცემულობაც 2019/20 წლების სეზონის წინ ჰქონდათ. ქართული კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა 24 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გუნდებს განაცხადების წარდგენის ვადა 16 სექტემბრამდე ექნებათ.

დიდი 10-ის 2020/21 წლების სეზონი სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში, ხოლო პირველი ლიგა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

ცნობილია ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი (ფოტო)