კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

Image source: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მინისტრმა მათგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა მათი დაფინანსების გზები გამოინახოს და საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრება უმტკივნეულოდ მოხდეს.

მინისტრის განცხადებით, შშმ პირების სპორტში ჩართულობა და წარმატებით ასპარეზობა ორმაგად რთულია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად ეს ადამიანები სახელმწიფოსგან და გულშემატკივრისგან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ამპუტანტ ფეხბურთელთა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამართული 5 მატჩიდან 2-ის მოგება მოახერხა და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა. ამპუტანტთა ნაკრებმა შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე – 3:1 დაამარცხა.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

წყარო – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

 

როინ კვასხვაძე: “ქუთაისის “ტორპედო” სხვანაირად ვერ წარმომიდგენია – იმედია მალე გამოვა ამ კრიზისიდან” (ვიდეო)