კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მომავალი – გზა ევრობასკეტისკენ (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე

Image source: Georgian Basketball Federation ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტში “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2021-ისკენ” საქართველოს ნაკრების მომავალზე დაიწერა – გოგა ბითაძესა და მისებრ პერსპექტიულ ახალგაზრდებზე.

გოგა ბითაძე

2018 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში ისრაელი 85:80 დაამარცხა. ბოლო წუთებზე მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო მწვრთნელმა ილიას ზუროსმა:

– დაცვაში, მეტოქის პიკ-ენდ-როლების დროს რომ გიჭირს, ძალიან სასარგებლოა მოძრავი ცენტრი, რომელსაც დაფარება კარგად ეხერხება. გოგა ბითაძე პირველ ტაიმში დაფარებებში გამორჩეული იყო და ამიტომაც ვათამაშე მეოთხე პერიოდის ბოლო წუთებზე გიორგი შერმადინის ნაცვლად. თუმცაღა, კარგად იცით, როგორ ვაფასებ და რას ნიშნავს გუნდისთვის შერმადინი. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ პიკ-ენდ-როლების შეჩერება იყო, რაც მეოთხე პერიოდში კარგად მოვახერხეთ.

მწვრთნელმა 18 წლის ბითაძით, არც მეტი არც ნაკლები, ევროპის საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი შეცვალა. ამით ყველაფერია ნათქვამი.

იცით, კიდევ რა არის სასიამოვნო? – ზუროსმა მიაგნო ტაქტიკას, რომლის მიხედვითაც გოგასა და გიორგის ერთდროულად ათამაშებს. და ეს სტრატეგია ამართლებს. გაამართლებს 2022 წლის ევრობასკეტზეც, სადაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი გვეყოლება – ბითაძე-შერმადინი, შენგელია-ბურჯანაძე…

– როცა ვიზრდებოდი, ფაჩულია, შერმადინი, შენგელია ჩემთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ. ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ეროვნულ ნაკრებში. როდესაც ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა მაღალ დონეზე თამაში, თუმცა ვფიქრობდი, რომ თუ მათ მოახერხეს, მეც შევძლებდი, – ეს უკვე ინდიანელი ბითაძის სიტყვებია, რომელიც სტეფანიას, ცქიტიშვილის, ფაჩულიას, სანიკიძის და შენგელიას შემდეგ მეექვსე ქართველია, რომელიც NBA-ის დრაფტზე აირჩიეს.

ინდიანას კალათბურთელი გოგა ბითაძე

რატი ანდრონიკაშვილი

– როდესაც საქართველო-სერბეთის შეხვედრისას მწვრთნელმა ჩემი მოედანზე შეშვება გადაწყვიტა, ეს იყო ყველაზე ემოციური წამები ჩემს ცხოვრებაში. გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ ასაკით ყველაზე უმცროსი ვიყავი და მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება, – ასე იხსენებს გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი 2018 წლის ივნისში თავის სადებიუტო შეხვედრას.

მას მერე მწვრთნელი ილიას ზუროსი რატის რეგულარულად იძახებს, ათამაშებს და 2022 წლის ევრობასკეტისთვის ამზადებს. იმ დროისთვის ხომ რატი 21 წლისა იქნება და გულშემატკივარი ელის გიორგი ცინცაძის ღირსეულ შემცვლელს:

გიორგი ცინცაძეც 17 წლის იყო, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. მიყვარს მისი თამაშის ყურება და მასთან კონკურენცია, რადგან ასე უფრო მეტს ვსწავლობ. გიორგისთან უამრავი კითხვა მაქვს და ისიც ყოველთვის ღიაა ურთიერთობისთვის. ცინცაძე ძალიან მეხმარება და თან, ჩვენ ხომ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ. ილიას ზუროსი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ხშირად მეუბნება, რომ თუ რამე პრობლემა მექნება, გახსნილად ვესაუბრო. პროფესიონალია და იცის თავისი საქმე.

ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი

საბა ლობჯანიძე

საბა ლობჯანიძე ის კალათბურთელია, რომელმაც საკუთარი კარიერა შრომით გამოძერწა. მას ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები იშვიათად იწვევდნენ, თუმცა ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწია, პროგრესს წლიდან წლამდე ვხედავთ. დაინახა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც და 2020 წლის თებერვალში ნაკრებშიც მიიწვია.

– საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. მადლობა მინდა ვუთხრა ილიას ზუროსს ნდობისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ჩემი ახალი გუნდი, თსუ ზრდაში და განვითარებაში კიდევ უფრო დამეხმარება, ეს კი საშუალებას მომცემს საქართველოს ნაკრებს კიდევ გამოვადგე, – ასეთია საბა ლობჯანიძის მოსაზრება.

ქართველი კალათბურთელი საბა ლობჟანიძე

ნიკა დარბაიძე

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გახსოვთ? საწყის მატჩებში სტუმრად სერბეთსა და გერმანიას სამქულიანების წვიმა რომ დავატეხეთ, თუმცა დავმარცხდით. სწორედ იმ ფანჯარაში ჰქონდა სანაკრებო დებიუტი ფორვარდ ნიკა დარბაიძეს.

იგი ნაკრებთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს იხსენებს:

– გერმანიასთან მატჩისას მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სათადარიგოთა სკამისკენ გამოიხედა და დაიძახა: “ტოლი” – ანატოლი ბოისას უხმო. გავიგე, თითქოს “გორი” დაიძახა, თანაგუნდელებს გადავხედე, იმათაც ეგონათ, მე მიხმობდა. წამოვხტი და მოედანზე სიხარულით შევედი. ილიას ზუროსმა დიდსულოვნება გამოიჩინა, არ შეიმჩნია, რომ იმ მომენტში სხვა გადაწყვეტილება ჰქონდა და მოედანზეც დამტოვა.

“გორი” ნიკა დარბაიძის მეტსახელია. მიზეზი იოლი მისახვედრია – ის გორიდანაა. ნაკრებში მისი მოხვედრა კი ახალგაზრდა გორელებისთვის დიდი სტიმულია.

ქართველი კალათბურთელი ნიკა დარბაიძე

რევაზ ჩაჩანიძე

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მატჩების უმეტესობაში საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ ევროლიგელი წინახაზელები გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია. მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გადაწყვიტა მეტოქეებისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა და აქცენტი სამქულიანებზე გაკეთდა.

ეს საქართველოს ნაკრებისგან ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე მოწინააღმდგეები მთავარ ხიფათს ფარქვეშიდან მოელოდნენ.

ასეთ დროს სრულიად ლოგიკური იყო ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის სნაიპერის რუსთაველი რეზო ჩაჩანიძის მიწვევა, რომელიც სუპერლიგაში იშვიათი კალათბურთელთაგანია, რომლის პერიმეტრზე უყურადღებოდ წამით დატოვებაც არ შეიძლება.

– სანაკრებო დებიუტისას, ალბათ, ყველა ღელავს. მითუმეტეს, როდესაც თბილსში, სავსე ტრიბუნების წინაშე გიწევს თამაში. ასეთ სიტუაციაში ვიყავი 2018 წლის თებერვალში გერმანიასთან მატჩში, როდესაც მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოედანზე შემიშვა. თუმცა თამაშში ჩართვისთანავე დაძაბულობა მომეხსნა და ძალიან მიხარია, რომ ბურთთან პირველივე შეხება სამქულიანით დავასრულე, – ამბობს რეზო ჩაჩანიძე.

ქართველი კალათბურთელი რევაზ ჩაჩანიძე

გიორგი კორსანტია

გიორგი კორსანტია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში წამყვან პოზიციებზე თამაშობდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად იგი საკმარისად გამოცდილია, რაც ნაკრებში თამაშისასაც გამოჩნდა. 2020 წელს, შვეიცარიასთან და სერბეთთან ილიას ზუროსი ენდო და გიორგიმაც გაამართლა.

კორსანტია 203 სმ სიმაღლის მებრძოლი ფორვარდია კარგი ტყორცნით. ასეთი მრავალმხრივი კალათბურთელები ყოველთვის ფასობდნენ და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სერიოზული კონკურენციის მიუხედავად მას ნაკრებში ფუნქციები კიდევ უფრო გაეზრდება.

– 2019-20 წლების სეზონის შემდეგ გადავწყვიტე კარიერა უცხოეთში განვაგრძო. ფრანგულ “კაენში” პროგრესის საშუალება მომეცემა, რაც აუცილებლად გამომადგება ნაკრებში. ისევე როგორც თსუ-ში კარგი თამაში და ნაკრებში გამოძახება დამეხმარა უცხოური კლუბების ინტერესის ზრდაში, – ამბობს გიორგი კორსანტია.

ქართველი კალათბურთელი გიორგი კორსანტია

გიორგი ტურძილაძე

2020 წლის თებერვალში ნაკრებში პირველი მატჩი მეფარე გიორგი ტურძილაძემაც გამართა. იგი შვეიცარიასთან საშინაო შეხვედრას ასე იხსენებს:

– ისე ვერ ვითამაშე, როგორც მსურდა. მწვრთნელმაც შემატყო, რომ ვნერვიულობდი და გამომცვალა. საერთოდ, ზედმეტად ემოციური არ ვარ, მაგრამ, ჩემს სიტუაციაში, შეიძლება, ბევრი კალათბურთელი აღმოჩნდეს – ნაკრებში პირველ მატჩს ატარებ სპორტის სასახლის გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე, თამაშობ ევრობასკეტის შესარჩევის პირველ, დაძაბულ შეხვედრას…

ქართველი კალათბურთელი გიორგი ტურძილაძე

წყარო – gbf.ge

 

 

კანისარესი: “არ ვიცი, ვინ მართავს გვარდიოლას პოლიტიკურ ტვინს”