კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობა სალიცენზიო ტურნირისთვის

ბუდაპეშტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს

Image source: United World Wrestling

 

18-21 მარტს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში, რომელიც 6 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გაიმართება, ევროპის ქვეყნები ჩაებმებიან და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ ფინალში გასული სპორტსმენები მოიპოვებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ორ-ორ წონით კატეგორიაში: 97კგ-სა და მძიმე წონაში უკვე განაღდებული აქვთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები. ოლიმპიური ნორმატივი 2019 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეასრულეს გიორგი მელიამ (97კგ), იაკობ ქაჯაიამ (130კგ)(ორივე ბერძნულ-რომაული), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) (ორივე თავისუფალი). შესაბამისად, ლიცენზიებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები ორივე სტილში 4-4 წონაში აგრძელებს.

ბუდაპეშტის 4-დღიან შეჯიბრებაზე პირველი 2 დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ბექა ბუჯიაშვილი (57კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ). 18 მარტს, დილიდან დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები და იმავე საღამოს გამოვლინდებიან ფინალისტები. მედლები კი თავისუფალ ჭიდაობაში 19 მარტს გათამაშდება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ტოკიოს საგზურებს 20 მარტს დაინაწილებენ, ხოლო საპრიზო სამეულებს 21-ში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები უნგრეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ), რამაზ ზოიძე (67კგ), გელა ბოლქვაძე (77კგ) და ლაშა გობაძე (87კგ).

ბუდაპეშტის ტურნირი ულიცენზიო მოჭიდავეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ბოლოსწინა შანსია, ხოლო ბოლო შანსი კი სოფიის ტურნირი იქნება, რომელიც 6-9 მაისს გაიმართება.

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

 

 

გოგა ბითაძის 3 ქულა და “ინდიანა პეისერსის” 21 მარცხი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში (ვიდეო)