კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“საბურთალოს” აღზრდილი: “”საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია, ეს ფაქტი შედეგებიდანაც კარგად ჩანს”

Image source: Guka Goshteliani ფეისბუკ გვერდი

 

2019 წელს, “დილაში” იჯარით წესით განათხოვრებული ფეხბურთელი გურამ გოშთელიანი კვლავ “საბურთალოს” რიგებს დაუბრუნდა.

23 წლის ფორვარდი ახლა გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და გთავაზობთ მის ვრცელ ინტერვიუს:

გურამ, როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი?
– ახალი სეზონისთვის მზადება გასული წლის მიწურულს დავიწყეთ. ახლაც, თურქეთში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ვარჯიშები დატვირთვების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ საფუძვლიანად უნდა მოვემზადოთ, რათა წინ რთული და გრძელი სეზონი გველის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ დაიწყებ ახალ სეზონს. ჩვენ და “დინამო” სუპერთასის მატჩით ვიწყებთ. გვინდა სტარტი წარმატებული გამოგვივიდეს.

– გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარეთ. რა გრძნობა გქონდათ, როდესაც “საბურთალოს” დაუბრუნდით?
– გახარებული და ბედნიერი ვარ “საბურთალოში” დაბრუნებით. დავბრუნდი ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში. “საბურთალოში” ვარ გაზრდილი და ბევრი ბედნიერი წუთები მახსოვს. გავიარე ყველა ეტაპი, გვქონდა ბევრი წარმატება, რაც ცხოვრებაში ყოველთვის მემახსოვრება. “საბურთალოში”, ისევე, როგორც ყველგან, ბოლომდე ვიხარჯებოდი და ასე იქნება ამჯერადაც.

– გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გია ცეცაძე. გვითხარით მისი საწვრთნელი პროცესის შესახებ?
გია ცეცაძესთან, მე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გვქონია შეხება ასაკობრივ ნაკრებში, ვიცით მისი საფეხბურთო ფილოსოფია. ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ და ხელს შევუწყობთ, რათა შედეგი და წინსვლა გვქონდეს, როგორც ეს მანამდე იყო. “საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია, ეს ფაქტი შედეგებიდანაც კარგად ჩანს.

– გუნდს ახალი ფიზ მომზადების მწვრთნელი ჰყავს. თემურ ლორთქიფანიძის დატვირთვებს რამდენად შეეგუეთ?
თემურ ლორთქიფანიძის ვარჯიშები ბევრისთვის ახალია. ვფიქრობ, ნელ-ნელა ავუღეთ ალღო. ბოლომდე უნდა შევასრულოთ მისი დავალებები, თუ გვინდა, რომ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.

– სახეცვლილი არა, თუმცა “საბურთალო” ახალ სეზონს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდება. როგორი მოლოდინი გაქვთ?
– გასული სეზონისგან განსხვავებით გადახალისებული შემადგენლობა გვეყოლება, თუმცა “საბურთალოს” მიზანი იგივე რჩება – ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამავდროულად, ევროტურნირებზე წარმატებით უნდა ვითამაშოთ. “საბურთალოს” გამოცდილება საკმაოდ დაუგროვდა და ვფიქრობ, ყოველწლიურად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

“საბურთალოს” აღზრდილი ხართ. რამდენიმე წლის წინ იფიქრებდით, რომ კლუბი ჯერ საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ თასის გამარჯვებული იქნებოდა?
“საბურთალოს” წარმატებაში დიდი შრომაა ჩადებული, როგორც ხელმძღვანელების, ასევე ფეხბურთელების, მწვრთნელებისა თუ ნებისმიერი პერსონალის წევრის მიერ. ეს ყველაფერი არის ერთიანობისა და სწორი მუშაობის შედეგი. გარკვეულ წარმატებას ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებით მივაღწიეთ, შემდეგ კი გამოცდილი ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლეთ.

– საუბრის დასაწყისში სუპერთასი ახსენეთ. წლეულს, პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ სუპერთასზე “დინამოსთან” გელით…
– გასულ წელს გვქონდა სუპერთასის მოპოვების შანსი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მეორე ცდაზე ვეცდებით ამ ტიტულის მოგებას. გვინდა, კლუბის ხანმოკლე ისტორიაში მესამე ტიტული მოვიპოვოთ ჩემპიონობისა და თასის შემდეგ.

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

ეკატერინე გორგოძემ მხოლოდ 1 გეიმი მოიგო