კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრევიუ: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში!

საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ბელარუსამდე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თამაშს გამართავს. ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ქართველი ფეხბურთელები ბელარუსს დაუპირისპირდებიან და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა.

იგივე ითქმის ბელარუსის ნაკრებზეც და შესაბამისად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. თამაში უმაყურებლოდ გაიმართება კორონავირუსის გამო, მიუხედავად იმისა, რომ უეფამ სტადიონის ტევადობის 30%-ზე ქომაგების დაშვების რეკომენდაცია გასცა, საქართველოში ეს წინადადება არ მიიღეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ შეხვედრას პრაქტიკულად საუკეთესო შემადგენლობით ხვდება, თუ არ ჩავთვლით გიორგი ჩაკვეტაძეს. ის სლოვაკმა გამოიძახა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გუნდიდან ტრავმირებული დაბრუნდა და სათამაშოდ მზად არაა. შესანიშნავ ფორმაშია ხვიჩა კვარაცხელია და ყველაზე მეტად მისი გვეიმედება. ხვიჩა „რუბინში“ ყოველ ტურში საუკეთესოა და საუკეთესო იყო სექტემბერში ეროვნული ნაკრების მატჩებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 3 თამაში აქვს საქართველოს ნაკრებში ჩატარებული, უკვე შეიძლება ითქვას, რომ გუნდის თამაშს ის განსაზღვრავს.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩამდე ერთა ლიგის D დივიზიონის მოგებით მოვიდა, სადაც ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა და ჯგუფში 6 მატჩიდან 5 მოიგო, ხოლო ერთხელ ფრე ითამაშა. ბელარუსმა თავის ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულებს შორის კი ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და ამიტომაც ხვდება საქართველოს თბილისში.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი წაუგებლად ჩაატარა. ტალინში ესტონეთი ნიკა კაჭარავას გოლით დაამარცხა, ხოლო თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე 1:1-ს დასჯერდა, სადაც გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ბელარუსმა გასულ თვეში საკუთარ მინდორზე ალბანეთთან წააგო, სტუმრად კი ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა.

ბელარუსები თბილისში გუნდის ლიდერის სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვიდნენ. ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსი დასახელდა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ნაკრებს მიღმა ის პოლიტიკური შეხედულების გამო დარჩა.

მატჩის წინ ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფავორიტი არაა, მაგრამ თბილისში მოსაგებად არიან და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ბელარუსი საკმაოდ ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც დაცვაზეა აგებული. ამდენად, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ მტკიცე დაცვის გადალხვა მოუწევს, რომ მეტოქის კართან სახიფათო მომენტები შექმნას და რაც მთავარია, გოლები გაიტანოს.

ვლადიმირ ვაისმა ცხადია ეს კარგად იცის. სლოვაკი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებს უკეთესი ფეხბურთელები და გუნდი ჰყავს. ამიტომაც, სჯერა, რომ მისი ფეხბურთელები გულშემატკივრების გახარებას შეძლებენ.

საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. წინა სამ დაპირისპირებაში სრული თანაფარდობაა, ბელარუსებს ბურთების ბალანსში აქვთ მინიმალური უპირატესობა.

პირველად ეს გუნდები 2012 წელს დაუპირისპირდნენ და თბილისში საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით მოიგო. ზუსტად ერთი თვის შემდეგ გუნდები მინსკში შეხვდნენ და მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ბოლო დაპირისპირება 2017 წლის 13 ნოემბერს შედგა და ამხანაგური იყო. ქუთაისში თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთი გოლი ლაშა დვალმა გაიტანა, რომელიც ახლაც გუნდშია, ხოლო მეორე ირაკლი სიხარულიძემ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

გიორგი ლორია; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ლაშა დვალი; ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა; ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი; ვაკო ყაზაიშვილი.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი „პირველი არხის“ ეთერშია დაგეგმილი.

 

არველაძის ემოციური მიმართვა ქართველ ფეხბურთელებს