კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ცნობილია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალი მწვრთნელი

სვანაძე 21-წლამდელებში

Image source: nakrebi.ge

 

საქართვლოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძე დაინიშნა. ის ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

სვანაძის გუნდი ამ პერიოდში ოფიციალურ მატჩებს არ ჩაატარებს, რადგან ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს მასპინძლის რანგში, ამიტომ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

სვანაძე 2019 წლიდან 19-წლამდე ნაკრების დამრიგებელი იყო და გუნდს ელიტ-რაუნდის საგზური მოაპოვებინა, ხოლო 2020 წლის ნოემბერში ესტონეთთან საქართველოს ნაკრებსაც უხელმძღვანელა.

„პირველ რიგში, მსურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო.

ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, გაცნობიერებული მაქვს, რომ 2023 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ და მთელი დარჩენილი პერიოდი მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

რაც შეეხება იმ თაობას, რომელიც უახლოეს წლებში 21-წლამდე ნაკრებში იასპარეზებს. ჩემთვის ნაცნობი ფეხბურთელები არიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. მე ამას ვგრძნობდი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათთან ერთად 19-წლამდე ნაკრებში გავატარე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება.

ნაკრების სელექცია ცოცხალი პროცესია, რის ფარგლებშიც შესაძლოა ვინმე შემოგვემატოს ან გამოგვაკლდეს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ეს ახალი შანსია, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის.

პირველი ეტაპი, რომელიც უკვე მიმდინარე წელს აიღებს სტარტს, მთლიანად სელექციას დაეთმობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“ – თქვა სვანაძემ.

სვანაძის დანიშვნის თაობაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა:

„პირველ რიგში მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი დონის გათამაშება ჩვენ ქვეყანაში პირველად გაიმართება. ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ 21-წლამდე ნაკრები სრულფასოვნად მოემზადოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რამაზ სვანაძე არის საუკეთესო კანდიდატურა ამ პოსტზე. მოგეხსენებათ, რომ იგი 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიასთან, უნგრეთთან და ყაზახეთთან სამივე თამაშის მოგება შეძლო. აღნიშნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დღეს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებში ასპარეზობს. ეს სწორედ ის თაობაა, რომელსაც რამაზ სვანაძე კარგად იცნობს.

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ჩვენ ბევრი ამხანაგური მატჩი გვექნება ძლიერ მეტოქეებთან, იმისთვის, რომ 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ“ – განაცხადა იაშვილმა.

 

წყარო – Nakrebi.ge

 

ლეონიდ სლუცკიმ 5 ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი დაასახელა