კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მაისაშვილი: “წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით”

მაისაშვილის კომენტარი

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩი რუსეთის ნაკრებთან 16:7 მოიგო. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომები იყო, მაგრამ წაგების საფრთხის წინაშე არ დამდგარან.

„ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით.

დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო. შესაძლოა ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს” – ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ფედერაცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატი 5 მოგებით და 0 წაგებით პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო რუსეთის ნაკრებთან ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა.

 

წყარო – Rugby.ge

 

როგორი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა, მხოლოდ პრემიერლიგის მოთამაშეებით რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული