კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით”

ლევან მაისაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0:40 წააგო.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

“მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით მეტოქემ იხეირა. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით. მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა.

შოტლანდიის თამაშის შემდეგ, დღეს გარკვეულ მომენტებში უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც ალბათ ინგლისთან და მისი დონის გუნდთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით.

მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა.

იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს ტოლსწორად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, მეტი ჯანი და შეთამაშება. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით.

სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ნაწილობრივ ამის ბრალიაცაა. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა, უელსთან მატჩის წინ კი, მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება“, – განაცხადა მაისაშვილმა.

ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასის მომდევნო მატჩს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ირლანდიასთან 9:32 დამარცხდა.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით”