კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება”

ლევან მაისაშვილი მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. მეორე ტურის ეგიდით გამართულმა დაპირისპირებამ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ადვილად 18:0 მოიგეს.

ნამატჩევს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ კოტე მიქაუტაძემ ნეკნი დაიზიანა და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ხოლო თამაშთან დაკავშირებით თქვა, რომ შედეგი რეალობას არ ასახავს:

“საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება”, – განაცხადა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა თასის მესამე მატჩს ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს დუბლინში, “ავივაზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღვნიშნოთ, რომ ირლანდიელებმა პირველ ტურში უელსს 32:9 მოუგეს, ხოლო მეორე ტურში ინგლისთან 7:18 დამარცხდნენ.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”