კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება”

ლევან მაისაშვილის მატჩისწინა კომენტარი

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალიაში 4-დღიანი მზადება დაასრულეს და დღეს ესპანეთში გაემგზავრნენ. სასტარტო 15-ეულში 10 ცვლილებით, ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა.

მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იქნება.

„დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას“.

გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს.

ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის.

რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ თავს გამოიჩენს“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

აღვნიშნოთ, რომ მადრიდში შეხვედრა 14 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან ბორჯღალოსნების რაზმი დაასახელა – სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა (ფოტო)