კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვეკვესკირი: “მგონი, დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არავის უნდა”

კვეკვესკირის კომენტარი ესტონეთთან მატჩამდე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ შეხვედრამდე ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა და საინტერესოდ ისაუბრა.

„უპირველესად მინდა ვლადიმირ ვაისს მადლობა გადავუხადო. მან მე პირადად ბევრი რამ მასწავლა და გუნდში უდიდესი სამუშაო გასწია. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ დასასრული კარგი არ გამოდგა. ახლა ალბათ მის მუშაობაში დადებითს ვერავინ ხედავს, მაგრამ დრო რომ გავა, დადებითად შეაფასებენ. მინდა აგრეთვე წარმატება ვუსურვო რამაზ სვანაძეს. საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ოცნებაა, მაგრამ ალბათ ახლა არავის სურს. გუნდში თუ ელემენტალური პრობლემებია, ეს ნორმალურია, არ არსებობს ოჯახი ან რაიმე სახის დაწესებულება, სადაც მცირე პრობლემები არ არის. ჩვენს გუნდში ყოველთვის კარგი გარემო იყო, ცუდია, რომ 5 წლის განმავლობაში ნაშენები 3 დღეში ჩვენივე ხელით დავანგრიეთ.

ფინალში ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით, რადგან ჩვენთვის ასეთი დონის თამაში პირველი იყო. მეორეს მხრივ კარგია, რომ ასეთი მატჩი გვქონდა, რადგან მომავალში როდესაც გავალთ ამ ეტაპზე, გამოცდილება გვექნება და უფრო მეტად გაგვიადვილდება. არ ვწუწუნებთ, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა. კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, შენგელია, იგივე ანანიძე და მჭედლიძე ჩვენთვის დიდი ძალაა. მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ და იმედი გავუცრუეთ არამარტო გულშემატკივარს, არამედ საკუთარ თავებს, ოჯახებს. ქომაგები იმსახურებდნენ გახარებას, მათ წაგებული მატჩის შემდეგაც მიგვაცილეს სტადიონამდე და განსაკუთრებით ამიტომ. ვეცდებით, მომავალში მათ გასახარებლად ყველაფერი გავაკეთოთ.

ამ ორი წაგებით ქართული ფეხბურთი არ სრულდება და ყველაფერი წინაა. ეს იმედი ამ ბიჭებმა გააჩინეს და ეს ბიჭები გააკეთებენ ისევ ყველაფერს გულშემატკივრების გასახარებლად“ – თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

 

რამაზ სვანაძე: “ვიცი, რომ ესტონეთთან თამაში ჩემი პასუხისმგებლობაა”