კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახაბერ ცხადაძე: “ვაისს არჩეული აქვს სათამაშო სქემები და მეეჭვება იგი შეცვალოს”

კახაბერ ცხადაძის კომენტარი

Image source: Ordabasy club media

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კახაბერ ცხადაძემ, რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასს“ წვრთნის, ერთა ლიგის განვლილი მატჩები და ბელარუსთან მოგებაც გაანალიზა.

„ჩვენს ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე სწორ ანალიზს გააკეთებს.

ბელარუსთან ერთმატჩიანი რაუნდი იყო და ასეთ დროს სანახაობრივი თამაში არასოდეს არ არის. მთავარი დაცვაში საიმედო თამაში და მეტოქის შეცდომის გამოყენება იყო და ჩვენმა გუნდმა ეს მოახერხა. სომხეთთან გუნდი მთლიანად შეცვალა და გამოჩნდა, რომ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. მაკედონიასთან ორივე მატჩი მოსაგები იყო. სახლში მეტი აგრესია გვჭირდებოდა, სკოპიეში კი გაუგებარი პენალტი დაგვინიშნეს, როდესაც მაქსიმუმ თავისუფალი დარტყმის დანიშვნა შეიძლებოდა. ვაისს დიდი სანაკრებო გამოცდილება გააჩნია და სტრატეგიის სწორი გათვლა შეუძლია. ეგაა, მეორე ნახევარში თამაშის გაძლიერება უფრო შეიძლებოდა.

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები გვყავს, დიდი ხანია, ასეთი კარგი მოთამაშეები არ გვყოლია და არც ასეთი კონკურენცია ყოფილა. ვაისს როტაციის საშუალება გააჩნია. პრობლემები მხოლოდ ფლანგზეა, კაკაბაძე რომ დაგავკლდეს, ის ფაქტობრივად, შეუცვლელია. ახლა მთავარი იქნება შემადგენლობისა და სათამაშო სტრატეგიის სწორი შერჩევა და იმის მოფიქრება, ჩვენი თამაში როგორ გავაძლიეროთ. ვაისს არჩეული აქვს სათამაშო სქემები და მეეჭვება იგი შეცვალოს. მას თამაშის კარგი ანალიზი ეხერხება და მჯერა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ცხადაძემ.

ხსენებული 3 შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

სასწრაფოდ: დიდი 10-ის 3 მატჩი გადაიდო