კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა კალაძე: “ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ წარმოვიდგენდი”

Image source: Getty images

 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე იტალიელ ჟურნალისტს, კარლო პელეგატის სოციალურ ქსელში გაესაუბრა და დიდი ინტერვიუც შედგა.

კალაძემ „მილანში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა, თუმცა გვერდი არც კიევის „დინამოზეც“ აუვლია. კახა იხსენებს იტალიაში გატარებულ საოცარ წლებს, როდესაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

დაკვირვების პროცესი “მილანის” მხრიდან – „მილანი“ ანდრეი შევჩენკოს აკვირდებოდა და ერთხელ ჩემი თამაშიც ნახეს. მას შემდეგ ჩემი დაკვირვებაც დაიწყეს, რაც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. იმ წლებში კიევის „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავედით, მაგრამ სამწუხაროდ „ბაიერთან“ წავაგეთ. მახსოვს „სან სიროზე“ ამხანაგური მატჩი, როდესაც „დინამოში“ ვთამაშობდი და „მილანს“ ჯარიმა გავუტანე. გალიანი და ბრაიადა მაშინაც მაკვირდებოდნენ.

ადაპტაციის პრობლემა “დინამოში” – 18 წლის ვიყავი, როდესაც „დინამოში“ გადავედი. ძალიან გამიჭირდა, ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშებთან შეგუება, თავდაპირველად მახსოვს, რომ შუა ვარჯიშიდან მივდიოდი, რადგან არ შემეძლო ეს გამეკეთებინა. ერთხელ გერმანიაში ზამთარში შეკრებაზე წავედით. დილის 7 საათზე 45 წთი დავრბოდით, შემდეგ ვსაუზმობდით, ისევ ვვარჯიშობდით და საღამოს იგივე მეორდებოდა. თუმცა, თანდათანობით შევეჩვიე, მენტალურად ლობანოვსკი ძალიან დამეხმარა, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდა ვიყავით.

ტიტულები “მილანში” – „მილანში“ განსაკუთრებული წლები იყო. ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, იტალიის თასი, ევროპის სუპერთასი, საკონინენტთაშორისო თასი. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, გასახდელშიც იდეალური გარემო იყო. ანჩელოტიმ გალიანისთან და ბერლუსკონისთან ერთად ჩამოაყალიბა ის გუნდი, შედეგიც შესაბამისი მიიღო.

ფავორიტი პოზიცია – „მილანში“ როდესაც გადავედი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, შემდეგ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ჩემი საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, სადაც კარიერის ბოლო ეტაპზე ვთამაშობდი.

განსაკუთრებული პაოლო მალდინი – ბავშვობაში ჩემი კუმირი მალდინი იყო, სახლში მისი პლაკატები მქონდა და ერთ დღეს ჩვენ ერთად ვითამაშეთ. ის შესანიშნავი იყო როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა, ისევე, როგორც ნესტა. პაოლო მალდინი მხოლოდ „მილანის“ სახელი და გვარი არაა, ეს მთელი საფეხბურთო სამყაროსაა. ძალიან მორიდებული და კარგი ადამიანია, რასაც მასში ძალიან ვაფასებ.

ბრძოლა სასტარტოში მოსახვედრად – „მილანს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა დიდ გუნდს. ფეხბურთელები გამუდმებით ვიბრძოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოგვეპოვებინა. ვარჯიშებზე მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ მწვრთნელისთვის თავი მომეწონებინა.

გოლები და პირველი მილანური დერბი – გოლებს რაც შეეხება, როდესაც თავიდან ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, 4-5 გოლის გატანას ვახერხებდი. მახსოვს „კიევოსთან“ გატანილი მაკრატელაც. ნახევარდაცვაში ჩეზარე მალდინი მათამაშებდა, როდესაც ის გუნდში მოვიდა კარგი სეზონი გვქონდა, „ინტერთან“ დერბი 6:0 მოვიგეთ. ეს ჩემი პირველი დერბი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ განსაკუთრებული თამაში იყო და შევჩენკოს საგოლე პასიც გავუკეთე. როდესაც „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდით, დიდი წნეხი და დაძაბულობა იყო, მაგრამ ვიცოდით სწორედ ასეთი მატჩებისთვის მომზადება, იშვიათად, რომ შეცდომა დაგვეშვა.

პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში – „იუვენტუსთან“ ფინალში პენალტების შესრულება არავის უნდოდა, ამიტომაც ბურთთან მე მივედი მიუხედავად იმისა, რომ პენალტისტი არ ვიყავი. დარტყმის მომენტშივე მივხვდი, რომ გოლს ვერ გავიტანდი. საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია.

სტამბოლის კოშმარი – „ლივერპულთან“ ფინალის შემდეგ სასოწარკვეთილები ვიყავით. 3:0 ვიგებდით და ვფიქრობდით, რომ მოვიგებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. სიმართლე არაა, რომ თითქოს შესვენებაზე გასახდელში გამარჯვებას ვზეიმობდით, პირიქით, ანჩელოტი კონცენტრაციისკენ მოგვიწოდებდა. ორი წლის შემდეგ ამ თასის მოგება მაინც მოვარხერხეთ.

გოლეადორი ინძაგი და ჯადოქარი კაკა – ფილიპო ინძაგი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ნებისმიერ დროს და მომენტში შეეძლო გოლის გატანა. კაკას რაც შეეხება, ბურთთან ერთად ნამდვილი ჯადოქარი იყო. პირველივე ვარჯიშში მივხვდით, რომ გუნდში ჩემპიონი გვყავდა.

დღევანდელი „მილანი“ – გულშემატკივრების მსგავსად ჩემთვის უცნაურია და არ ვარ მიჩვეული ასეთი „მილანის“ ყურებას, არ შეიძლება „მილანი“ ასეთი იყოს. თუმცა, ვიცი, რომ ხელმძღვანელობას დიდი გეგმები აქვს და იმედია ამ ზაფხულს კონკურენტუნარიან გუნდს შექმიან, რადგან „მილანი“ მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს“, – თქვა კალაძემ.

 

 

 

 

წყარო – Pianetamilan

 

 

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები რუსეთიდან 3 მედლით ბრუნდება