კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილია თოფურია: “ძალიან მიხარია, რომ 6 დეკემბერს 3 ქართველი ვიბრძოლებთ”

ილია თოფურია ინტერვიუდან

Image source: Getty Images

 

6 დეკემბერს, ლას-ვეგასში გასამართ UFC-ის ქარდზე რომან დოლიძესთან და მერაბ დვალიშვილთან ერთად, ილია თოფურიაც იბრძოლებს. ილია რიგით მეორე ბრძოლას 32 წლის დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველი მებრძოლები 6 დეკემბრისთვის აქტიურად ემზადებიან. 23 წლის ილია თოფურია ფლორიდაში იმყოფება და თავის გუნდთან ერთად მზადების ბოლო ეტაპს.

ილიას აშშ-ში საქართველოდან დაუკავშირდნენ და ბრძოლის წინ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.

– მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობ, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე ?

– სიმართლე გითხრათ, ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ მან ნორმალურ დონეზე იცის ჭიდაობა და „გრეპლინგი“. დგომში ბრძოლაც, ასე თუ ისე იცის, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ის ამ კომპონენტებში ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ის ბრძოლის წარმართვას თავდაპირველად დგომში შეეცდება და ალბათ მისი გეგმის მიხედვით ბრძოლის შუა ნაწილში პარტერში გადაყვანასაც შეეცდება, მაგრამ მერწმუნეთ, მე საერთოდ სხვა გეგმები მაქვს და ამას ყველანი 6 დეკემბერს ნახავთ.

მწვრთნელებთან ერთად ვარ სახლში გამოკეტილი და დროის უდიდეს ნაწილს ვარჯიშს ვუთმობ. 100 პროცენტით ვარ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ნოკაუტით ან მტკივნეული ილეთით დავასრულებ.

ძალიან მიხარია, რომ 6 დეკემბერს 3 ქართველი ვიბრძოლებთ ლას ვეგასში. პირველად მე და გიგამ დავწერეთ ისტორია, როდესაც ერთ ქარდზე გამოვედით და თანაც წარმატებით. ზალალთან ბრძოლის შემდეგ როდესაც გადავხედე მომავალ ღონისძიებებს და ვნახე, რომ რომან დოლიძე და მერაბ დვალიშვილი ერთ ქარდზე გამოვლენ, პირველი რაც გავაკეთე ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, იყო ის რომ ჩემს მენეჯერს ვთხოვე 6 დეკემბერს მეც ჩამეტარებინა ბრძოლა. მსურს, რომ ახლიდან დავწეროთ ისტორია და ახლა უკვე 3 ქართველი ვიქნებით ერთ ქარდზე.

კარგი მოსამზადებელი ეტაპი მაქვს – ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს კარიერაში. არავითარი ტრავმა არ მაწუხებს და ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ერთადერთი რაც მაწუხებს, არის ის რომ მსურს 6 დეკემბერი მალე მოვიდეს, რომ მთელ მსოფლიოს დავანახო თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია ილია თოფურიას. პირველი ბრძოლა მოვიგე, რა თქმა უნდა, ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყო გამარჯვებით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩემი რეალური დონე ზალალთან ბრძოლის დროს ვერ გამოვავლინე. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, ბევრი დრო არ მომეცეს იმისათვის, რომ ხალხმა დაინახოს ჩემი რეალური ძალა, რადგან ვთვლი, რომ ჯექსონის დამარცხებას პირველ ან მაქსიმუმ მეორე რაუნდში შევძლებ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ” , – განაცხადა ილიამ.

თოფურიას მეტოქეს MMA-ში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 18 მოგება, 3 მარცხი 1 ფრე და 1 No-Contest აქვს მოპოვებული.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

რა შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე