კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იაშვილი: “სანიოლის სათამაშო ფილოსოფია ახლოს დგას ჩვენს სტილთან”

იაშვილის კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფრანგი მწვრთნელი, ვილი სანიოლი გაწვრთნის. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“ – თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2000-2008 წლებში 58 თამაში ჩაატარა. ის „ბაიერნში“ ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საფრანგეთის ნაკრებში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

სამწვრთნელო კარიერაში სანიოლის საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში და „ბორდოში“ უმუშავია, ხოლო 2017 წელს „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ.

 

წყარო – Gff.ge

 

ვილი სანიოლი: “შრომით, დისციპლინით და მონდომებით ისტორიას დავწერთ”