კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ ქუთათელაძე: “შემდეგ ბრძოლას დეკემბერში ლას ვეგასში გავმართავ, მე ყოველთვის მზად ვარ”

გურამ ქუთათელაძე ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

UFC-ში გურამ ქუთათელაძემ 17 ოქტომბერს სადებიუტო ბრძოლა გამართა, სადაც მისი პირველი მეტოქე იყო პოლონელი მატეუშ გამროტი და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

1tv.ge-მ გურამს შვედეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დაუსვა.

– პირველ რიგში, გამროტთან ბრძოლაზე გკითხავ. განაცხადე, რომ არ ხარ კმაყოფილი შედეგით. როდესაც ვიდეოზე უყურე ბრძოლას შემდგომ რა განცდა დაგეუფლა ?

– შემდგომაც უკმაყოფილო ვიყავი ჩემი გამოსვლით. არაერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ბევრად მაღალ დონეზე შემიძლია ბრძოლა და ამას აუცილებლად დავამტკიცებ. ეს ჩემთან ერთად ყველა ჩემმა თანაგუნდელმაც იცის. ბრძოლის დასრულების შემდეგ შევხდი მსაჯებს და მათ დეტალურად ამიხსნეს თუ რატომ აღარ არის UFC-ის ახალი წესების თანახმად უბრალო გდება და კონტროლი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ისიც ამიხსნეს თუ რაში გამოიკვეთა ჩემი დომინაცია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულწრფელი ადამიანი ვარ და იმ მომენტში ოქტაგონზე რაც ვიგრძენი ის ვთქვი.

– მეორე ბრძოლის გამართვა როგორც უკვე განაცხადე დეკემბერში გსურს. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით? შენს მეგობარს და გუნდელს ხამზატ ჩიმაევს სწორედ დეკემბერში აქვს ჩანიშნული უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ლეონ ედვარდსთან. ხომ არ არის რაიმე ვარიანტი, რომ ხამზატის ქარდზე შენც ჩაატარო ბრძოლა?

– ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ახალი მეტოქის შესახებ არ მიგვიღია. ხამზატს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის დეკემბერში და მეც მასთან ერთად ვიქნები. ამჟამად გუნდი არის საბუთების დალაგების პროცესში. აქვე გეტყვით საინტერესო სიახლეს, მე ხამზატს მივყვები როგორც გუნდელი და სპარინგ პარტნიორი, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ იმავე დღეს მეც ჩავატარო ჩემი მეორე ბრძოლა UFC-ში. ამჟამად მაქვს აქტიური მოლაპარაკებები, სამწუხაროდ დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, რომ თუ ყველაფერი ისე დასრულდა როგორც ჩვენ გვსურს, ბრძოლას დეკემბერში ლას ვეგასში გავმართავ, შემდეგ კი იანვარში აბუ დაბიში, საბრძოლო კუნძულზე. მე ყოველთვის მზად ვარ.

– ქართველებს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვთ UFC-ში. როგორ შეაფასებდი ზოგადად ჩვენი მებრძოლების გამოსვლას მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პრომოუშენში?

– უფრო და უფრო მეტი ქართველი იმკვიდრებს ადგილს UFC-ში და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გასახარი ფაქტია. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველები, რომლებიც სხვა პრომოუშენებში ასპარეზობენ. ვფიქრობ, რომ ყველა ამ სპორტსმენს სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. სიხარულით მინდა გითხრათ, რომ მომავალი თაობაც იმედისმომცემია. ბევრი მაღალი დონის ქართველი მებრძოლი გაუთქვამს სახელს თავის ქვეყანას მომავალში. არა მხოლოდ ეროვნებით ქართველები. არიან სხვა ეროვნების მებრძლებიც, რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან. კონკრეტულად UFC-ში მყოფ ქართველებს ახლო კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ ხომ მაინც ერთი გუნდი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კლუბებში გამოვდივართ.

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

გიგა ჭიკაძე: “ბევრს გაუჩნდა ის კითხვა თუ “რატომ მახვედრებს UFC დებიუტანტს”