კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ გოშთელიანი: “მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ვიქნებით”

გურამ გოშთელიანის ვრცელი ინტერვიუ ქართულ ერთ-ერთ გამოცემასთან

Image source: Pirin Blagoevgrad ფეისბუქ გვერდი

 

“საბურთალოს” ყოფილი ფეხბურთელის, 24 წლის თავდამსხმელის გურამ გოშთელიანის საინტერესო ინტერვიუ ცნობილ ქართულ სპორტულ გამოცემაში გამოქვეყნდა, რომელიც ახლა ბულგარეთის “პირინ ბლაგოევგრადში” თამაშობს.

ბულგარეთის მეორე ლიგის კლუბ “პირინის” ქართველი ფორვარდი გურამ გოშთელიანი შესანიშნავ ფორმაშია და 9 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი, 1 საგოლე გადაცემა შესრულებული.

– თქვენი ქართული კარიერა დიდწილად “საბურთალოსთან” არის დაკავშირებული…

– “საბურთალო” არის ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ ამ გუნდში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჯერ კიდევ რანგით მეორე ლიგაში ვიყავით, გია ჭიაბრიშვილი იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, გუნდი ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, ძირითადად 17-18 წლის ბიჭებით და მოვახერხეთ გადასვლა უმაღლეს ლიგაში. სწორედ ამ დროს შემიშალა ხელი ტრავმამ. პრაქტიკულად, ორი წლის განმავლობაში ჩამომაშორა ფეხბურთს. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია ჭიაბრიშვილს. ფეხბურთში რომ დავბრუნდი, მისი დიდი დამსახურებაა. მან მაგრძნობინა ხელმეორედ მინდორი, დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა…

– რა ტრავმა იყო ასეთი, ასე რომ გაგაწვალათ?

– ეს იყო სიმფიზის ძვლის ქრონიკული ანთება. წარმოიდგინეთ, 20 თვის განმავლობაში არ მითამაშია ფეხბურთი. ტრავმის შემდეგ “საბურთალოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მერე კი იჯარით გორის “დილაში” წავედი. გორში გატარებული პერიოდი ძალიან გამომადგა. სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით მჭირდებოდა.

– ბულგარეთში როგორ მოხვდით?

– საქართველოში კარანტინი რომ იყო და ყველაფერი გაჩერდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა ბულგარეთის ვარიანტი. სამი თვე ვიზას ველოდებოდი და საერთოდ არ მითამაშია. მერე რამდენჯერმე მოვხვდი განაცხადში და ვითამაშე კიდეც, მაგრამ ძირითადში მოხვედრა ჭირდა, დიდი კონკურენცია იყო, თან მთავარ შემტევს გოლებიც გაჰქონდა… ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ. ბოლო სამ მატჩში 5 გოლი გავიტანე. ასე რომ, ადაპტაციის პერიოდი უკვე ჩავლილია.

– საინტერესოა, როგორი დონეა ბულგარეთის რანგით მეორე ლიგაში?

– მაღალი დონეა. თან ჩვენ ლიდერები ვართ და “პირინის” წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ “პირინის” შემადგენლობაში ბულგარული ფეხბურთის ორი ლეგენდა თამაშობს – ბოდუროვი ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანია, ხოლო მანოლევი ქართველ გულშემატკივარსაც ემახსოვრება, რადგან თავის დროზე “პსვ ეინდჰოვენში” თამაშობდა.

– “პირინი” უმაღლეს ლიგაში თითქმის გადასულია…

– კი, ასეა ნამდვილად. ფორმალობაა მხოლოდ დარჩენილი. 3 ქულაც და ოფიციალურად ვიქნებით უმაღლესლიგელები. ეს ყველას ძალიან გვახარებს.

– გუნდის მწვრთნელზე რას იტყვით?

– ჩრდილოირლანდიელი მწვრთნელი გვყავს – უორენ ფინი. ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებია… ცხადია, მისი დიდი დამსახურებაა, “პირინი” ასე წარმატებით რომ თამაშობს.

– თქვენ გარდა, გუნდში კიდევ არიან ლეგიონერები?

– კი, ჯონ აინა ფრანგია. მისი კარიერა თავის დროზე “პარი სენ-ჟერმენის” საფეხბურთო აკადემიაში იწყებოდა. უთამაშია საკმაოდ მაღალ დონეზე ესპანეთში, ინგლისში… ნახევარმცველი კონორ ჰენდერსონი ირლანდიელია. ადრე ის არსენ ვენგერის “არსენალში” ირიცხებოდა და, როგორ ვიცი, თასზეც ითამაშა ლონდონელთა შემადგენლობაში.

– სტადიონი, საწვრთნელი ბაზა – ინფრასტრუქტურა “პირინს” ალბათ წესრიგში აქვს…

– რა თქმა უნდა! თამამად ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველოს რამდენიმე გუნდს თუ აქვს ასეთი პირობები. საცხოვრებელი პირობებს რაც შეეხება, ესეც ძალიან კარგია, არის რესტორანი, სადაც მთელი გუნდი ერთად შედის…

– “პირინში” დარჩენას აპირებთ?

– კლუბთან კიდევ მაქვს ერთწლიანი კონტრაქტი. კი, არის რაღაც ლაპარაკი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დარჩენა მირჩევნია. გუნდი კარგად თამაშობს, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ვიქნებით…

– ორიოდე დღის წინ თქვენ ძალიან ემოციურად აღნიშნეთ გოლი – 9 აპრილის გმირებს მიუძღვენით!..

– მომზადებული ვიყავი ამისთვის, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ასეთ რამეებს… ამ გმირები არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი, რადგან მათ საქართველოსთვის დადეს თავი! რითაც და როგორც შემეძლო, პატივისცემა გამოვხატე ჩვენი გმირებისადმი!..

 

წყარო – lelo.ge

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დასკვნით მატჩში რუსეთთან წააგეს