კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძე: “ფაჩულია თავიდანვე მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალიან რთულია”

გოგა ბითაძეს ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა NBA-ის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელმაც გასული სეზონი „ინდიანა პეისერსში“ გაატარა. მან განვლილ მატჩებზე და გუნდში მის მომავალზე ილაპარაკა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო.

– რამდენად დაემთხვა თქვენი მოლოდინი იმ რეალობას, რაც ამერიკაში დაგხვდათ.

– იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ევროპაში სხვა სტილის კალათბურთია, ამერიკაში – სხვა და წინა სეზონის ევროპაში კარგად თამაშის გამო შემადგენლობაში არავინ ჩაგსვამს – ადგილზე უნდა მოიპოვო სათამაშო წუთები. საზაფხულო ლიგაზეც ვერ ვითამაშე, რომ უკეთ წარმომედგინა თავი. ამიტომ, ვარჯიშებზე უნდა დამემტკიცებინა, რომ სათამაშო დროს ვიმსახურებ. როგორც ველოდი, რთული იყო, მაგრამ ამერიკულ ცხოვრებისა და სათამაშო სტილს მალევე ავუღე ალღო.

– მწვრთნელი სეზონის დასაწყისშივე გეუბნებათ, ვის რა როლი და დრო ექნება გუნდში?

– დრო წინასწარ გამოყოფილი არავისთვისაა, ეს უნდა დაიმსახურო. მწვრთნელ ნეით მაკმილანს დიდი ზეწოლა ჰქონდა, ბევრი მატჩი უნდა მოეგო და ახალგაზრდებს სეზონის დაწყებამდე გველაპარაკა – რამდენი დროც უნდა გქონდეთ, ცოტა თუ ბევრი – ყოველთვის მზად უნდა იყოთო. ცხადია, მზად ვიყავი, მეტ სათამაშო დროსაც მოველოდი, მაგრამ…

– იყო მატჩები, კარგად ირჯებოდით, მაგრამ მეორეში ან საერთოდ არ გათამაშებდათ, ან ძალიან ცოტას. ხსნიდა ამის მიზეზს?

– ამ თემაზე არაფერს ამბობდა. ალბათ, ნდობის ფაქტორი იყო. მის ხელში ბევრ კალათბურთელს გამოუვლია, ახალგაზრდა მოთამაშეებს ბოლომდე არ ენდობოდა. ჩემს გარდა, სათადარიგოთა სკამზე, ბევრი ახალბედა იყო, რომლებსაც თამაში არ უწევდათ.

ნეით მაკმილანი „ინდიანას“ მწვრთნელი აღარ არის. რამ განაპირობა მისი გათავისუფლება?

მაკმილანი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ „ინდიანა პეისერსს“ დიდი ამბიციები აქვს და ხელმძღვანელობა პლეი-ოფის პირველ რაუნდს, რა თქმა უნდა, არ დასჯერდებოდა. მწვრთნელის გუნდიდან წასვლა მეორე ეტაპზე ვერგასვლამ განაპირობა. ახალ მწვრთნელზე ბევრი მსჯელობაა, ახსენებენ „ჰიუსტონის“ თავკაც მაიკ დანტონის, „სან ანტონიოს“ მეორე მწვრთნელს… თუმცა დაზუსტებით ჯერ არავინ არაფერი იცის.

ინდიანაში ბევრი ტანმაღალი კალათბურთელია, თვლით, რომ არ გაგიმართლათ პირველივე წელს ასეთ გუნდში რომ მოხვდით?

– არგამართლებაზე არ ვფიქრობ. NBA-ში მოხვედრა უკვე დიდი გამართლებაა, თან პირველივე წელს შანსი მომეცა ისეთ გუნდში, რომელიც ყოველ წელს პლეი ოფში თამაშობს, წლეულს რეგულარული ეტაპი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. მწვრთნელებიც კარგები მყავს, ხელმძღვანელობაც, თანაგუნდელებიც, გულშემატკივრებიც. მოკლედ ინდიანა მშვენიერი ადგილია, სადაც მხოლოდ კალათბურთზე შეგიძლია კონცენტრირდე.

– რა გასწავლათ გასულმა სეზონმა?

– პირველი, რაც ვისწავლე – ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო. რთულია, როცა მწვრთნელი ერთ მატჩში არ გენდობა, მეორეშიც არ დასჭირდები, მაგრამ შესაძლოა, მესამეში საკმარისი დრო გერგოს. ეს შანსი უნდა გამოიყენო, მოდუნება არ შეიძლება, რადგან კალათბურთელები კონტრაქტებისთვის თამაშობენ, ყველა მზადაა შეგცვალოს თუ სათანადოდ ვერ გაირჯები.

– კონკრეტულად რა კომპონენტში გაქვთ მოსამატებელი?

– ფიზიკურად კიდევ უნდა გავძლიერდე, სისწრაფეც უნდა გავაუმჯობესო… მაკლია ამ დონეზე თამაშის გამოცდილებაც, თუმცა რაც უფრო მეტ დროს მივიღებ, მით მეტ გამოცდილებას შევიძენ. საერთოდ კი ყველა კომპონენტზე ვვარჯიშობ.

– რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პანდემიამდე „ინდიანა“ უკეთესი გუნდი იყო.

– პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია – რეგულარულში ექვსი მატჩი მოვიგეთ, სამი წავაგეთ. ეს ცუდი ნამდვილად არ არის. გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოს მატჩებში დაგვაკლდა დომანტას საბონისი, რომელიც გუნდის ლიდერია, წლეულს „ოლ სტარში“ მონაწილეობდა. პლეი-ოფში ის ძალიან გვჭირდებოდა. ტრავმის გამო შესაძლებლობების 100%-ს ვერ ავლენდა კიდევ ერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო. ისიც სათქმელია, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სეზონი სწრაფად განახლდა, მანამდე საკმარისად ვერ ვივარჯიშეთ.

– როგორია თქვენი პროგნოზი – ვინ გახდება წლეულს NBA-ის ჩემპიონი?

– რთული სათქმელია. თუმცა ვფიქრობ, რომ ფინალში „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ გავლენ. ლოსანჯელესელებს ამ სეზონში კარგი, დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ.

NBA-ის ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიასგან თუ იღებთ რჩევებს.

– მასთან ხშირი მიმოწერა მაქვს. თავიდანვე მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იქ დამკვიდრება. ზაზა ასევე მირჩევს, რომ ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო. რა თქმა უნდა, დასვენებეც საჭიროა, მაგრამ აუცილებელია ბევრი მუშაობა, რომ გავუმჯობესდე და უფროდაუფრო უკეთესი გავხდე.

– სანაკრებო თემას გვერდს ვერ ავუვლით. შესარჩევი მატჩების თარიღები NBA-ის სეზონს ემთხვევა. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ეროვნულ გუნდთან?

– როდესაც დრო მექნება და გამომიშვებენ, ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. დამიჯერეთ, ნაკრებში თამაშზე კარგი არაფერია. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიაღწევენ შეთანხმებას, რომ სანაკრებო მატჩები და NBA-ის სეზონი ერთმანეთს არ დაემთხვეს. ნაკრების მატჩები ისედაც იშვიათადაა და გულდასაწყვეტია, რომ ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებელი ტრანსფერები პრემიერლიგაში (ფოტო)