კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი გულიაშვილი: “ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მთავარ ნაკრებში მოხვედრაზე”

გიორგი გულიაშვილის ინტერვიუ

Image source: gff.ge

 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მე-9 ტურის მატჩი ჩაატარა და აზერბაიჯანი 1:0 ანგარიშით დაამარცხა.

ამ მატჩში თავის გამოჩენა გოლით გამოჩენა “საბურთალოსა” და ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს lelo.ge-თვის მის მიერ მიცემულ ინტერვიუდან.

– თავდაპირველად, აზერბაიჯანთან მატჩი შევაფასოთ…

– ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო, ანგარიში გაცილებით უფრო დიდი ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ. მოწინააღმდეგის კართან არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და რეალიზაციის პროცენტი მაღალი რომ გვქონოდა, უფრო დიდი იქნებოდა. ვეცდებით, სლოვაკეთთან შეხვედრაშიც მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

– ადაპტაციის მხრივ, ახალგაზრდულ ნაკრებში პრობლემა არ უნდა გქონოდათ…

– არა, მართლაც არ მქონია არანაირი პრობლემა. ფეხბურთელთა დიდ უმეტესობას, რომლებიც თამაშობენ ახალგაზრდულ ნაკრებში, ძალიან კარგად ვიცნობ. მათთან ერთად მითამაშია კიდეც… ასე რომ, ეს პრობლემა საერთოდ არ დგას.

– კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ ვითარდება თქვენი საკლუბო კარიერა “საბურთალოში”?

– კი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჯერ ერთი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთი ამბიციური გუნდის წევრი ვარ. “საბურთალო” საქართველოში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ეს ყველამ კარგად იცის. ეს მომენტი ბოლომდე გათავისებული გვაქვს ფეხბურთელებსაც. ასეთ გუნდში როცა თამაშობ, პროგრესი გარდაუვალია. მიმდინარე სეზონშიც უმაღლესი მიზნები გვაქვს…

– მაინც, რა?

– …ის, რომ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები და მოვიგოთ ქვეყნის თასის გათამაშება. მიმაჩნია, რომ გუნდს ამ ამოცანის შესრულება შეუძლია.

– ახალგაზრდა ფეხბურთელთან საუბრისას ამ კითხვას ვერ ავცდებით – გულახდილად თქვით, ბოლომდე იცავთ რეჟიმს? ფაქტია, ამ კუთხით ახალგაზრდა მოთამაშეები არცთუ იშვიათად მოიკოჭლებენ…

– მიმაჩნია, რომ ვიცავ რეჟიმს. ამის გარეშე ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. სწორი კვება, დროული დასვენება და კიდევ არაერთი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთელმა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. ბოლომდე გათავისებული მაქვს, რომ ბევრი შრომისა და რეჟიმის დაცვის გარეშე მიზნის მიღწევას ვერ შევძლებ.

– ევროპალიგაზე კვიპროსულ “აპოლონს” გაუტანეთ. ალბათ, ის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად თქვენთვის…

– მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო… როცა ასეთ ასაკში ამხელა ტურნირზე თამაშობ, თავად ეს არის ჯერ დადებითი მოვლენა და გამოცდილების მომტანი… ამ გოლმა მართლაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში. თუნდაც თვითრწმენა რომ ავიღოთ – ასეთ დროს, უფრო თავდაჯერებული ხდები. ცუდია, რომ ასეთი ანგარიშით დასრულდა ის თამაში, მაგრამ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროასპარეზზე უკეთ ვითამაშოთ…

– ლევან კორღალიძის მოსვლამ რა შეცვალა “საბურთალოში”?

– მან ჯერ კიდევ “ლოკომოტივში” დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელებს გვჯერა და გვესმის მისი. ლევან კორღალიძეზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა.

– საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშეთ. ეროვნულ გუნდში მოხვედრის ამბიციაც გექნებათ…

– ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მთავარ ნაკრებში მოხვედრაზე. რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი…

 

 

 

 

წყარო – lelo.ge

 

 

 

რუსებმა ხვიჩა არიენ რობენს შეადარეს