კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გაგი მარგველაშვილი: “კარგად უნდა წარმოვაჩინო თავი, რადგან მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდეს”

გაგი მარგველაშვილის ინტერვიუ საბურთალოს საიტზე

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

თბილისურმა “საბურთალომ” ევროპაში კიდევ ერთი “საბურთალოს” აღზრდილ ფეხბურთელს გაუხსნა გზა. უკვე ყოფილმა საბურთალოელემა მცველმა, 24 წლის გაგი მარგველაშვილმა უნგრულ “მეზოკოვეშდთან” მოაწერა კონტრაქტს ხელი. გაგის “საბურთალოდან” ევროპაში შეეხმიანეს, დედაქალაქურ კლუბში გატარებული 10 წელი გაიხსენეს და ახალ კლუბზეც ისაუბრეს:

– მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგ გარემოსა და პირობებში მოვხვდი. რამდენიმე დღეა უნგრეთში ვიმყოფები, გავიარე სამედიცინო შემოწმება და ნელ-ნელა ვეჩვევი აქაურობას. ახალ კლუბთან 6 თვეს + 2 წელი ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. შევხვდი კლუბის პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს. მინდა ვთქვა, რომ მწვრთნელი ზოგადად ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მის ხელში სხვა და სხვა დროს 16 ფეხბურთელს უთამაშია. ყველაფერი ახლა ჩემზეა დამოკიდებული – კარგად უნდა წარმოვაჩინო თავი, რადგან მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდეს.

– ალბათ უახლოეს პერიოდში უკვე მოგიწევთ თამაში…

– ახლა შეკრებაზე ვართ. ორ დღეში ამხანაგური მატჩი გვაქვს, ალბათ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა. მე, რომ დღეს ამ კლუბის წევრი ვარ, ლაშა ოდილაძის დიდი დამსახურებაა, რომელსაც მადლობას გადავუხდი.

– გუნდში თქვენი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლუკა ლაკვეხელიანი, ასევე ყოფილი დინამოელი ნოდარ ქავთარაძეა. გარდა ამისა, უნგრეთში სხვა ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. ხომ არ გინახავთ?

– ჯერჯერობით არ შევხვედრილვართ, თუმცა ლაშა დვალმა და ბუდუ ზივზივაძემ დამირეკეს, მომილოცეს ახალ გუნდში ჩარიცხვა და წარმატებები მისურვეს.

– გაგი ბავშვობა გავიხსენოთ – როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში?

– ფეხბურთის თამაში ქუთაისში – როლანდ ცუცქირიძისა და თემურ გოჩოლეიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყე. ამ ადამიანებმა ფეხბურთი შემაყვარეს. ამ ადამიანების წვლილი დიდია იმაში, რომ დღეს მე ფეხბურთს ვთამაშობ.
15 წლის ვიყავი, როდესაც ქართლოს და კახა ჭუმბურიძეების დახმარებით “საბურთალოს” აკადემიაში ჩავირიცხე. თბილისურ გუნდში პირველი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იყო. მას შემდეგ “საბურთალოს” ერთგული ვიყავი.

– “საბურთალოს” აკადემიაში ჩარიცხვიდან თქვენი წარმატების ხანა იწყება. პატარა ასაკში მიღწეულ გამარჯვებებს განსხვავებული ფასი აქვს. ახლანდელი გადასახედიდან, როგორ იხსენებთ იმ გამარჯვებებს?

– “საბურთალოს” ბევრი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია. მიხარია, რომ მათ რიცხვში მეც ვარ. გავხდი მრავალი შეჯიბრის გამარჯვებული. განსაკუთრებით მახსენდება საერთაშორისო ტურნირი “სალერის” თასი, სადაც ბევრი ევროპული გუნდები თამაშობდნენ. იმ წლებში იშვიათობა იყო, ისეთი გუნდების სტუმრობა, როგორებიცაა: “მალაგა”, “ატლეტიკო”, “ვიტესი”, “მაკაბი”, “დნიპრო” და სხვები.

– ჭაბუკობის მერე უკვე ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდით პირველ ლიგაში. ფიქრობდით, რომ ასეთ პატარა ასაკში ამდენი წარმატება გექნებოდათ?

– ცხოვრებაში გამიმართლა, რომ ასეთ გარემოსა და პროფესიონალ ადამიანებთან მოვხვდი. ყველა თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები იყვნენ. “საბურთალოს” შენება ყოველწლიურად მიმდინარეობდა და მჯერა ეს გზა მომავალშიც გაგრძელდება. “საბურთალოში” 10 წელი გავატარე, იქ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, ცხოვრების წესებიც ვისწავლე.

არასდროს დამავიწყდება, 2014-2015 წლების სეზონი, ჩვენი გუნდი 15-16-17 წლის გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო, თუმცა თავიდანვე დამაჯერებლად დავწინაურდით და ღირსეულად გავხდით რამდენიმე ტურით ადრე პირველი ლიგის გამარჯვებულები. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომლის მადლიერი ვარ. მასთან მუშაობა დიდი პატივი და სიამოვნებაა, ძალიან განვითარდი და გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. იმ წლებში საფეხბურთო წრეებში ნაკლებად განიხილავდნენ ჩვენს წარმატებას, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთნელთან ერთად, ყოველთვის მაღალი მიზნები ჰქონდა. “საბურთალო” იყო, არის და იქნება ამბიციური და წარმატებული კლუბი, რადგან ბევრი ნიჭიერი იზრდება აკადემიაში.

– უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგაც, “საბურთალო” სისტემატურად მოწინავეთა შორისაა. რა არის ამ წარმატებების საიდუმლო?

– ერთ მუშტად შეკრული კლუბია, სადაც ყველა ერთმანეთის გვერდში დგას! ერთსულოვნება და გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. პატარა ამბავი არაა, როდესაც “საბურთალომ” ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ჩემპიონობა მოიგო, 2019 წელს თასის მოპოვება შეძლო, 2010 წელს კი სუპერთასსაც დაეუფლა. ეს დრო ჩემს კარიერაში გამორჩეული იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

– გაგი, ევროტურნირებზე დებიუტს როგორ გაიხსენებთ. მაშინ, როდესაც პირველ შეხვედრაში ყველა ხმამაღლა “შერიფის” აშკარა ფავორიტობაზე საუბრობდა?

– “შერიფი” ჩვენთან შედარებით ბევრად გამოცდილი კლუბი იყო, ამავდროულად მაღალ ბიუჯეტიანიც, მაგრამ გავედით მინდორზე და მეტოქეს პირველ შეხვედრაში შანსი არ დავუტოვეთ. ერთმანეთზე ლამაზი გოლები გავიტანეთ და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მაშინ, ისეთ ემოციებში ვიყავი, ძნელია ამის გადმოცემა. მართალია, განმეორებით შეხვედრაში ბევრი ვინერვიულეთ და ვანერვიულეთ ქომაგიც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა. ზაგრებთან თამაშით თავი არ შეგვირცხვენია, თუმცა კლასმა და გამოცდილებამ ამ შემთხვევაში თავისი ქნა. რაზეც ძალიან გული მწყდება და მარცხს ჩემ თავს ვერ ვპატიობ, ეს “არარატ-არმენიასთან” წაგება იყო. თბილისში ჩატარებული თამაში ყოველთვის მტკივნეულად მემახსოვრება.

– რას ეტყვის გაგი მარგველაშვილი იმ ნორჩ და მოზარდ ფეხბურთელებს, რომლებიც “საბურთალოს” აკადემიაში მრავლად არიან?

– დღეში რამდენიმე საათი უნდა ივარჯიშონ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ რეჟიმს, ფეხბურთისთვის ყველაფერი უნდა გადადონ. ჩემი მაგალითიდან რომ ავიღოთ – ბავშობაში მეც სხვებისგან არაფრით ვიყავი გამორჩეული, მაგრამ გამიმართლა, რომ ასეთ გარემოში მოვხვდი. საკუთარ თავზე სისტემატურად ვმუშაობდი და მომავალშიც უნდა გავაგრძელო შრომა.
ზემოთ ქართლოს და კახა ჭუმბურიძეების ღვაწლი ვახსენე. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” კლუბის პრეზიდენტს ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელიც მართლა ბევრს აკეთებს განვითარებისთვის. მადლობა კახა ამირიძესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც “საბურთალოს” წინსვლაზე ფიქრობს. განსაკუთრებული მადლობა აღმასრულებელ დირექტორს, კახა კაშიას მინდა ვუთხრა, რომელიც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო ჩართული და სისტემატურად გვერდში მედგა. მადლობა იმათ, ვისთანაც ერთად მითამაშია. “საბურთალოში” გატარებულმა წლებმა ბევრი მეგობარი გამიჩინა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

 

 

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

 

 

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ანრი დეგლანის” სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან პრიზე