კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ელგუჯა ლობჯანიძემ საკარანტინო პაუზის, ბელარუსთან მატჩისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და ყაზახეთის “კაისარის” თავდამსხმელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ ახალი სეზონი ახალ კლუბში ბრწყინვალედ დაიწყო. 27 წლის ქართველი ფორვარდი ყაზახური “ტარაზიდან” “კაისარში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და პირველივე შეხვედრებში თავი შესანიშნავად გამოიჩინა. მისმა გუნდმა ახლად დაწყებულ სეზონში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, ქართველმა ლეგიონერმა კი ორივე მატჩში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “კაისარმა” ქულები მხოლოდ მისი გოლების წყალობით მოიპოვა.

ახლა, ყაზახეთში, ასევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ჩემპიონატები კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით შეჩერებულია და ქართველ ფეხბურთელსაც ფორმის შენარჩუნება თვითიზოლაციის პირობებში უწევს.

VbetNews-ი ელგუჯა ლობჯანიძეს ყაზახეთში დაუკავშირდა და ამ და სხვა თემებზე რამდენიმე კითხვით მიმართა.

– პირველ რიგში როგორ ხართ? სად და როგორ ატარებთ დროს ამ პერიოდში და როგორ მიმდინარეობს თქვენთან ცხოვრების რიტმი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე?

ამჟამად ვარ ყაზახეთში ქალაქ კიზილორდაში․ ვარ კლუბის ბაზაზე იზოლაციაში და შეძლებისდაგვარად ვცილობ ვივარჯიშო.

– “კაისარში” მიმდინარე წლის იანვარში გადახვედით. სეზონის დაწყებიდან ორივე მატჩში ითამაშეთ და ორივე შეხვედრაში გოლის ავტორი გახდით. შესანიშნავი სტარტი გქონდათ და გთხოვთ, რომ თქვენი შეფასებაც გააკეთოთ.

სტარტი ძალიან კარგი გამოვიდა როგორც ჩემთვის ასევე კლუბისთვისაც. ორივე თამაში მოვიგეთ. იმედია როცა განახლდება გაგრძელებაც წარმატებული იქნება.

–  რატომ გადაწყვიტეთ ერთი ყაზახური კლუბიდან მეორეში გადასვლა? რატომ ამჯობინეთ “კაისარი” “ტარაზს“? ორი წელია რაც ყაზახეთში თამაშობთ, როგორ შეაფასებთ ამ ქვეყნის ჩემპიონატს?

კაისარი” ყველა კრიტერიუმით უკეთესი გუნდია. დიდი დაინტერესება იყო და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ როგორ არის განწყობილი მწვრთნელი შენს მიმართ. მე კი მისგან დიდი სიმპატიები და სურვილი დავინახე, რომ გადავსულიყავი. ასევე თასიდან ევროტურნირებზე ვართ, ესეც დიდი პლიუსია.

– ყაზახეთმა, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ჩემპიონატი შეაჩერა. გუნდებსაც ვარჯიშები აქვთ დროებით შეჩერებული. თქვენ ვარჯიშობთ ინდივიდუალურად? როგორ ცდილობთ ფორმის შენარჩუნებას ასეთ პირობებში და როდის განახლდება ჩემპიონატი თქვენი აზრით?

ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. კლუბმა ბაზაზე მოიტანა ინვენტარი რაც კი სახლის პირობებში შეიძლება გქონდეს, ასევე ონლაინ ვარჯიშები გვაქვს ასე რომ ფორმას ვინარჩუნებთ და ტონუსს. რაც შეეხება გაგრძელებას, ჯერჯერობით კარგისკენ არ მიდის საქმე․.. ყოველდღე მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და რამდენჯერაც დანიშნავენ კონკრეტულ რიცხვს, იმდენჯერ კარანტინის გადაწევა უწევთ… ეს პროცესი საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს․ ვფიქრობ 2 კვირაში და ერთ თვეში ვერ მოგვარდება․ თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სიკეთისკენ დაიწყება მსოფლიოში სვლა․

– ბევრ საფეხბურთო კლუბებს კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ ფეხბურთელებისთვის ხელფასები შეემცირებინათ. თქვენთან თუ არის ასეთი პრობლემა?

როგორი იქნება შემდეგი თვე არ ვიცით, თუმცა საუბარი არ ყოფილა, რომ დაგვაკლებენ. შემოგვთავაზეს და უარი ვუთხარით. ველოდებით რა იქნება…

– ერთა ლიგის საპლეიოფო მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე რას იტყვით? მზად იქნებით ნაკრების დასახმარებლად?

როგორი რიტმითაც მივდიოდით ყველა ამ თამაშებამდე ცხადია ის რიტმი შეჩერდა და არ ვიცით კიდევ რა იქნება წინ, რა დრო მოგვეცემა ამ თამაშამდე მოსამზადებლად ესეც გაურკვეველია, შესაბამისად ვერ ვიტყვი როგორ ფორმაში ვიქნები. უბრალოდ ერთი ვიცი, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ის დრო, რა დროც თამაშამდე იქნება მოსამზადებლად, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე ამ თამაშს.

– რა მიზნები გაქვთ დასახული იმ დროისთვის, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და კორონავირუსის საფრთხე ამდენად მაღალი აღარ იქნება. გეგმავთ თუ არა კლუბის შეცვლას სამომავლოდ და რომელ გუნდში ისურვებდით გადასვლას მომავალში?

სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციის გამო რამის დაგეგმვა რთულია… ყველაზე მეტად რაზეც ვფიქრობ, ოჯახთან ყოფნაა და პირველ რიგში ოჯახს ჩამოვიყვან. გუნდს რაც შეეხება, თუ ჩავთვლი, რომ ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება სხვა კლუბში გადასვლა, ასეც მოვიქცევი… თუმცა ამაზე ახლა არ ვფიქრობ.

– რას ურჩევთ მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში? როგორ ან რით გაართონ თავი, როდესაც სახლოდან გასვლა თითქმის არ შეუძლიათ?

მოსახლეობას ვურჩევ, რომ დარჩნენ სახლში და ყველა გაგებით და შეგნებით მოეკიდოს შექმნილ ვითარებას. უამრავი ექიმი დღედაღამ ამის გამო სახლში ვერ რჩება და დიდი რისკის ქვეშ 24 საათი ჩვენ ჯამრთელობაზე ზრუნავს. ჩვენ კი მარტივი რამ მოგვეთხოვება, რომ შევასრულოთ ის მითითებები, რასაც მსოფლიოს ორგანიზაციები გვაძლევენ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს ისინი გმირები არიან.

 

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთში 2019 თებერვლიდან თამაშობს. მანამდე კი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქართულ კლუბებში თამაშობდა, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ივლისამდე რუსულ “ორენბურგში” ირიცხბოდა. საქართველოს ნაკრებში ლობჯანიძეს დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ეროვნული ნაკრების მაისურით მან 6 მატჩი ჩაატარა.

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ევრო-2020-ის გადადებამ დადებითად იმოქმედოს საქართველოს ნაკრებზე