კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჭიაბრიშვილი: “ვამაყობ, რომ ხალხის გახარება შევძელით და დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ”

ჭიაბრიშვილის კომენტარი

Image source: Fc Lokomotive Tbilisi

 

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ქართველი მწვრთნელის აზრით, მომდევნო ეტაპზე გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და საუკეთესო გამოწვევაა „გრანადასთან“ თამაში.

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და სიამაყის გრძნობა მეუფლება, მარტივი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი გავახარეთ. ჩვენ ჩვენი პატარა საქმე გავაკეთეთ, მაგრამ მთავარია ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ალბათ ოდესმე ამასაც შევძლებთ, თუმცა, ეს არის პატარა გამარჯვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შარშან ჩემს კარიერაში ყველაზე მწარე და დიდი მარცხი იყო, მაგრა ბოდიში არ მომიხდია, რადგან საქმეს ყოველთვსი გულით ვაკეთებ, ზოგჯერ გამოდის დადებითი შედეგი, ზოგჯერ – არა. ეს კი ნამდვილად არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რამდენიმე ფაქტორის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდია, ისევე, როგორც „კრაიოვა“ იყო პირველ წრეში. მადლობას ვუხდი „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას, რომ ეს შნასი მომცა და ქვეყნისთვის ეს სიხარული მოგვეტანა.

მინდა ლევან კორღალიძეს დიდი მადლიბა გადავუხადო, რადგან დიდი სამუშაო ჰქონდა გუნდში გაწეული და დიდი ბაზა დამხვდა. რა იქნება შემდეგ ეტაპზე? სიმართლე გითხრათ, არც წინა ეტაპის გადალახვა მეგონა და არც მეორე ეტაპის, მე-6 ადგილზე ვიყავით და ისიც არ ვიცოდი, გოლის გატანა შეგვეძლო თუ არა. თუმცა, ნელ-ნელა ხარისხი იმატებს, გოლების გატანა დავიწყეთ, ფეხბურთელებში თავდაჯერებამ იმატა. „გრანადა“ ლა ლიგის გუნდია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებაში რა უნდა იყოს, როდესაც ორ ეტაპს ასე გაივლი და შემდეგ ასეთ გუნდს უნდა ეთმაშო. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

დიახ, მღელვარება თავიდან გვეტყობოდა და ეს ყოველთვის იქნება, რადგან ასეთ დონეზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვთამაშობთ. თუმცა, ახლა ეს წნეხი მოხსნილია, ამ ორი გამარჯვების შემდეგ. ესპანეთში წნეხის გარეშე მივდივართ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, უფრო მეტიც, მგონია, რომ მეტოქეს უფრო აქვს სანერვიულო.

ამ ერთ კვირაში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თასზე „ჩიხურასთან“ მატჩი გველოდება და შემდეგ ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. არ ვაპირებ, „ჩიხურას“ თამაშის გადადება ვთხოვო, გამოვა, რომ გვინდა დასვენებულები ვეთამაშოთ და ისე მოვუგოთ, ეს არასწორი საქციელი იქნება. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც არ უთამაშიათ და ისინი მიიღებენ შანსს, სადღაც მათაც ხომ უნდა ითამაშონ, ეზოში ხომ არ ითამაშებენ? ძალების გადანაწილებას მოვახერხებთ. ევროსარბიელზე თუ გამოდიხარ და იქ თამაშის ამბიცია გაქვს, იმის ხარჯზე და იმედად არ უნდა იყო, ყველა შენ მოგერგება, კლუბები, ფედერაცია, უბრალოდ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ“ – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ „გრანადას“ 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

 

“დინამო თბილისმა” დრამატულ ბრძოლაში მოიგო და ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა