კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბოლნისის “ყოჩების” კაპიტანი: “კაპიტნობა მხოლოდ თამაშის დაწყებისას მონეტის აგდება არაა”

ბოლნისის ყოჩების კაპიტანი თემო სოხაძე

Image source: rugby.ge

 

ბოლნისის “ყოჩების” კაპიტანს, ბორჯღალოსან თემო სოხაძეს 25 მაისს 35 წელი შეუსრულდა. ვეტერანი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 11-ჯერ უთამაშია, სხვადასხვა დროს საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში და “ბათუმში” თამაშობდა, თუმცა მისი გული მუდამ მშობლიურ გუნდს ეკუთვნოდა.

“რაგბზე პირველად ჩემი ბავშვობის მეგობრები, კარის მეზობლები გეგა და გიორგი კეკელიძეები მივიდნენ. ისინი გუნდის ამბებს ეზოში ისე აღფრთოვანებულად ყვებოდნენ, გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი. დღესაც მახსოვს პირველი ვარჯიში იპოდრომზე. მაშინ რაგბის ბურთი პირველად დავინახე. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და რაგბის ღირებულებების არ მესმოდა, ეს მერე მოვიდა, მანამდე კი მომეწონა ის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც რაგბის თანმდევი ნაწილია. ყველა ძალიან თბილად დამხვდა და უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღესაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს.

რაგბში კი არა, ქვეყანაში არ იყო პირობები. სახლებში შუქი არ გვქონდა, ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ვარჯიშებზე ფეხით დავდიოდით. გასახდელებზე და საშხაპეებზე საუბარიც ზედმეტი იყო. როდესაც სავარჯიშოდ ფიზკულტურის ინსტიტუტის ეზოში გადავედით ძალიან გამიხარდა, რადგან ვაკეში ვცხოვრობდი და უფრო ადვილი იყო ჩემთვის სიარული. წვიმასა და ტალახში ვვარჯიშობდით და ასე ამოგანგლულები ვბრუნდებოდით შინ, სადაც ვიჯექით და წყლის გაცხელებას ველოდებოდით ტალახი რომ ჩამოგვებანა.

ახლა სულ სხვა სიტუაციაა, რაგბი წინ წავიდა და პირობები ბევრად უკეთესია. ეს აუცილებელია, თუმცა პირადად მე ის ძველი დრო ძალიან კარგად მახსენდება. თავისებური ხიბლი ჰქონდა ამ ყველაფერს. რაგბი სუფთა იყო და სწორედ ამ სისუფთავემ დამტოვა ამდენი ხანი. არცერთ სხვა სპორტს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მანამდე ფეხბურთზე, მძლეოსნობაზე, ცურვაზე დავდიოდი, მაგრამ არსად ისეთი კარგი სიტუაცია არ იყო, როგორც რაგბში. კარიერული წინსვლის გამო, რაგბში მეგობარი არ გაგწირავდა, რაც სამწუხაროდ, სხვა სპორტის სახეობებში შემიმჩნევია.

ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე, პირველი საერთაშორისო შეხვედრა კი, 16-წლამდელთა ნაკრებში მქონდა. ფოთში ტურნირი მოეწყო და ვეთამაშეთ უკრაინისა და სომხეთის ნაკრებებს. მერე იყო მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები. ამან რაგბი სულ სხვა კუთხით დამანახა და ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. ვითამაშეთ ახალი ზელანდიის, ინგლისის, უელსის ნაკრების წინააღმდეგ და აღმოვაჩინე, რომ ჩემს თანატოლ ბიჭებს ჰქონდათ ჩემზე მეტი ჯანი, სისწრაფე და ტექნიკა. ვფიქრობდი, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ჩემზე უკეთესი და სტიმული მომეცა, უფრო მეტს ვვარჯიშობდი, რათა მეც გავმხდარიყავი ამ დონის მორაგბე.

20-წლამდელთა ბოლო ევროპის ჩემპიონატი რომ ვითამაშე, უკვე ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს (2005 წელს) და დებიუტი ქუთაისში, ჩეხეთის ნაკრებთან მქონდა. სამწუხაროდ, მალე მხარი ამომივარდა, რამაც ხელი ძალიან შემიშალა. ეს უფრო ჩემი ბრალი იყო. შევცდი ოპერაცია რომ არ გავიკეთე. ვფიქრობდი, რომ მხარს ვარჯიშით გავიმაგრებდი და საბოლოოდ 6-7 წელი დავკარგე. რაგბის სამყაროში ყველამ იცის, რომ სუსტი დაცვა მაქვს და ეს სწორედ მხრის ბრალია.

ნაკრებში თამაში კი, იყო უდიდესი სიამაყის განცდა, რომელიც არ ნელდებოდა. ყველაზე კარგად ალბათ ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმეგ ვითამაშე. მახსოვს, მოედანი სულ ტალახიანი იყო, მე შეცვლაზე შევედი და თამაში წამივიდა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ძირითადშიც მომცეს ადგილი. მარტო მხრის ბრალი არაა ნაკრებში რომ ვერ დავმკვიდრდი. მაშინ 10 ნომერზე პალიკო ჯიმშელაძე იდგა და ამ პოზიციაზე თუ სწორად მახსოვს მხოლოდ ერთხელ ვითამაშე. უფრო ფულბეკად, ოთარ ბარკალაიას შემცვლელად მიწევდა თამაში. კონკურენცია ძალიან დიდი იყო – მახო ურჯუკაშვილი, ბესო ხამაშურიძე და როგორც ჩანს, იმ დონეზე ვერ ვიყავი ნაკრებში რომ დამემკვიდრებინა ადგილი.

ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 2007 წლის მსოფლიო თასი იყო. ნაკრებთან ერთად გავიარე ერთთვიანი მოსამზადებელი ეტაპი. გვყავდა უძლიერესი ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელი ნიკოლა ბასი, რომელსაც ძალიან მძიმე ვარჯიშები ჰქონდა. უნდა ვთქვა, რომ იმ წელს ფიზიკურად ნაკრები საუკეთესოდ იყო მომზადებული. მე მხარი ახალი ნაოპერაციევი მქონდა და ვარჯიშებს ვერ გავუმკლავდი. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში წასვლის შანსი მაინც მქონდა. პალიკო ჯიმშელაძე პირველსავე შეხვედრაზე დაშავდა და ბიჭებისგან ვიცი, კრებაზე ადგა და თქვა – მე ამ მსოფლიო თასზე ვეღარ ვითამაშებ, გამიშვით და ჩემს მაგივრად სოხაძე ჩამოიყვანეთო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ვერც პალიკომ შეძლო მეტი თამაში. მოგვიანებით მან ის მაისური მაჩუქა, რომლითაც ამ მსოფლიო თასზე ითამაშა. მე რომ მაშინ საფრანგეთში ჩავსულიყავი და თუნდაც ცოტა ხნით მაინც მეთამაშა, სულ სხვა დონეზე ავიდოდი, მოტივაციაც გაიზრდებოდა და ალბათ, კარიერაც სხვაგვარად განვითარდებოდა”.

 

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, თემო სოხაძემ 4 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში მოასწრო თამაში. თავიდან ის საფრანგეთში წავიდა, სადაც 2 სხვადასხვა გუნდში მოასწრო თამაში:

“თავიდან მე და ლევან დათუნაშვილი ორლეანის მახლობლად, პატარა ქალაქ ვიარლონის გუნდში წავედით სათამაშოდ და იქ 1 სეზონი გავატარე. სწორედ “ვიარლონში” ამომივარდა პირველად მხარი. მერე დავით ზირაქაშვილის დახმარებით კორსიკაზე, “ბასტიაში” აღმოვჩნდი, რომელიც ფედერალ 2-ში თამაშობდა. კორსიკელები თბილი და მეგობრული ხალხი არიან. მახსოვს, მაშინ მხარი ხშირად მივარდებოდა და ერთხელ სახლში ამომივარდა. ისე მოხდა, იმ მომენტში მხარი ვერ ჩავისვი. ღამე იყო და გუნდის ექიმს დავურეკე რომ დამხმარებოდა. მის მოსვლამდე მხარი თავის ადგილზე დავაბრუნე, მეორე დღეს კი, ჩვენი გუნდის ექიმი ვარჯიშზე მოვიდა და მითხრა, რომ სრულიად უფასოდ გამიკეთებდა ოპერაციას.

ის კლინიკის მთავარი ექიმი იყო და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იყო ერთი პრობლემა – რადგან ოპერაცია უფასოდ მიკეთდებოდა, კლინიკაში ვერ დამტოვებდა. “ბასტიაში” სინჯებზე იყო ჩამოსული დავით კაჭარავა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მივლიდა, თავისი ხელით მაჭმევდა. კორსიკელებთან მომავალი სეზონისთვის კონტრაქტები ძალიან კარგი პირობით გავაფორმეთ და ზაფხულში სამშობლოში დავბრუნდით. სამწუხაროდ, მენეჯერმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ გუნდი დაიშალა და ამ კონტრაქტის იმედი აღარ უნდა გვქონოდა.

რადგან იმ პერიოდში საქართველოში არაფერი ხდებოდა, ოდესაში გადავწყვიტე წასვლა, სადაც ძმები მალაღურაძეები თამაშობდნენ. ახალი დაოჯახებული ვიყავი და ფინანსური მხარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც “კრედო 63”-ში ნახევარი სეზონი გავატარე. ამ პერიოდში რატი ურუშაძემ დავით კაჭარავა “ენისეიში” წაიყვანა. იქ ისინი კრასონიარის მეორე გუნდის, “კრასნი იარის” მწვრთნელს შეხვდნენ. ეს იყო ფრანგი სპეციალისტი, რომელიც მანამდე “ნიცაში” მუშაობდა და მის გუნდთან “ბასტიას” თამაშიდან თემო სოხაძე ახსოვდა. ასე დამიკავშირდნენ ამ გუნდიდან და ორი სეზონი რუსეთის ჩემპიონატში გავატარე.

მიუხედევად იმისა, რომ პირობების თვალსაზრისით ჩვენთან სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გუნდებს ჯერაც არ აქვთ ისეთი მოსამზადებელი პირობები, როგორიც პოლონეთში იყო. იქ სპორტის სხვა სახეობები ბევრად უფრო პრიორიტეტულია, თუმცა ყოველ დღე მთელ გუნდს გვქონდა ვახშამი, უზრუნველყოფილი ვიყავით სრული ეკიპირებით, ვიტამინებით და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები იყო შექმნილი. მე როდის ვიყავი პოლონეთში და აქ მსგავსი სიტუაცია ჯერაც არაა. მაგრამ ეს არ ეხება ხელფასებს. ადგილობრივ მორაგბეებს საუკეთესო შემთხვევაში ხელფასი 100-200 ევრო ჰქონდათ”.

სოხაძე იმ კაპიტნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დემოკრატიული მიდგომები უფრო მისაღებია.

მეამაყება ამ ბიჭების გვერდში დგომა. კაპიტნობა მხოლოდ თამაშის დაწყებისას მონეტის აგდება არაა და ის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ვარჯიშებზე და მის მიღმა შუამავალი ვარ მორაგბეებს, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმზღვანელობას შორის. როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ის ხელმძღვანელობამდე ჩემი პირით მიდის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან 40 კაცი ცალ-ცალკე ვერ დაიწყებს მათთან საუბარს. უშუალოდ თამაშისას გადაწყვეტილებას სხვებისგან დამოუკიდებლად არასდროს ვიღებ. როდესაც მოედანზე გიორგი ხოსიტაშვილი, მიშო არჩუაშვილი და მსგავსი გამოცდილების მქონე მორაგბეები გყავს, სწორი არაა მხოლოდ შენი არჩევანით გადაწყვიტო კარში დარტყმა, თუ ვთქვათ ბურთის დერეფანში გადაგზავნა.

გუნდში ყველას მეტის მოლოდინი გვქონდა. მონდომება არავის გვაკლდა, ვიქტორ დიდებულიძემ, აკა ცინცაძემ და ერეკლე ფერაძემ დიდი სამუშაო გაწიეს, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში არ გაგვიმართლა. მოგებული თამაშები წავაგეთ. დღესაც ვერ ვხდები როგორ გავანიავეთ “ლოკომოტივთან” ამხელა უპირატესობა. არ მახსენდება ასეთი უპირატესობის ფონზე როდისმე თამაში წამეგოს. მთელი ერთი თვე სულ ეს შეხვედრა მახსენდებოდა. იყო შეცდომები, მათ შორის ჩემიც, თუმცა კარგია, რომ ბოლოს თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, თამაშები მოვიგეთ და ექვსეულში მოხვედრის შანსი დავიბრუნეთ.

ვარჯიშები ინდივიდუალურად თუ დაიწყება, თუმცა ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. ვირუსის გარდა, პანდემიის ფონზე ფინანსური პრობლემებია. ბიჭების უმრავლესობას ოჯახები ყავთ. ფიზიკურად კარგ ფორმაში რომ იყო, კვება, ვიტამინები და უამრავი რამაა საჭირო. ნუცუბიძის სტადიონიც არაა ახლოს და ელემენტარულად ტრანსპორტი გინდა სავარჯიშოდ რომ იარო“.

მიუხედავად ამისა, თუ ჩემპიონატი განახლდება მონდომებას არავინ დააკლებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბოლოს მოგებულმა თამაშებმა ექვსეულში შესვლის კარგი შანსი გაგვიჩინა და მის გამოყენებას ვეცდებით. ასაკიდან გამომდინარე რაგბში ბევრი დრო აღარ დამრჩა და მინდა კარიერის ბოლოს ხელშესახებ წარმატებას მივაღწიო”.

 

წყარო – rugby.ge

 

 

როგორი იქნება “მანჩესტერ იუნაიტედის” გასვლითი მაისური 2020/21 სეზონში (ფოტო)