კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ევრო-2020-ის გადადებამ დადებითად იმოქმედოს საქართველოს ნაკრებზე

ევრო-2020 გადადების დადებითი მხარეები საქართველოს ნაკრებისითვის

 

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი ევროპა კარანტინშია. პრაქტიკულად ყველა ევროპული შიდა ჩემპიონატი და უეფა-ს ეგიდით მიმდინარე ყველა გათამაშება გაურკვეველი დროით შეჩერებულია. როდის განახლდება ჩემპიონატები? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არავინ იცის.
რაც შეეხება ევრო-2020-ს, უეფა-ს გადაწყვეტილებით ჩემპიონატი გაიმართება 2021 წლის ივნისიდან ივლისის ჩათვლით.

26 მარტს უნდა ჩატარებულიყო ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო ერთა ლიგის საპლეიოფო მატჩები ჯერ მიმდინარე წლის ივნისამდე გადაიდო, შემდეგ კი გაირკვა, რომ ნაკრებებს შორის მატჩები შემოდგომამდე არ გაიმართება.

ევროპის თითქმის ყველა ეროვნული ნაკრები, რომლებმაც ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, წინასწარ დადგენილი ვადებით ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადებოდნენ და მათთვის თარიღების შეცვლამ გარკვეული დისკომფორტი შექმნა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებისთვის ამ გადავადებაში დისკომფორტის გარდა
დადებითი მხარეების პოვნაც შეიძლება.

 

  • პირველ რიგში საქართველოს ნაკრები დაკომპლექტებულია ძირითადად საზღვარგარეთ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან. კორონავირუსის გამო შეზღუდულია გადაადგილების შესაძლებლობები და მოთამაშეები ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში არიან. ასეთ პირობებში არა მარტო ფეხბურთელების, არამეტ სამწვრთნელო შტაბის ერთ ადგილზე შეკრება საკმაოდ პრობლემატურია. აქედან გამომდინარე უეფა-ს მიერ ევროპის ჩემპიონატის გადატანის გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულად უნდა შევაფასოთ. იმედია ამ დრომდე ყველაფერი დალაგდება.

 

  • მეორე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის ის, რომ გამოჯანმრთელებას და ტრავმების მოშუშებას მოასწრებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელები. განვლილი წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმები მიიღეს და ნაკრების რიგებს გამოაკლდნენ. (ჯანო ანანიძე, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი და სხვები). ამ ფეხბურთელებს საკმარისი დრო ექნებათ საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის გამოჯანმრთელებული და კარგ ფორმაში ჩამდგარი დაბრუნდნენ.

 

  • გამოცდილების შეძენასა და საკუთარი უნარების დახვეწას მოასწრებენ ნაკრებში გამოძახებული ახალგაზრდა მოთამაშეები. აქ ვგულისხმობთ რა თქმა უნდა ყაზანის “რუბინის18 წლის ქართველ ლეგიონერებს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ტექნიკასთან დაკავშირებით კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის კითხვები ჰქონდა, და ზურიკო დავითაშვილს, რომელიც კარგ თამაშს აჩვენებს, თუმცა წონის პრობლემები აქვს.

 

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა მიმდინარე წელი თავიანთ კლუბებში სათადარიგო სკამზე დაიწყეს. მათ სრულყოფილი სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღეს. ახლა მათ დრო ექნებათ, რათა ყველაფერი გამოასწორონ. “ლოკომოტივის” მცველს, სოლომონ კვირკველიას ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა და გამოჯანმრთელების შემდეგაც ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭიანურდა. პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ ასესვე “გენტის” ქართველ ლეგიონერებს, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას. ჩვენი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა წელს კლუბი შეიცვალა (საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ლუკა ზარანდია) და მათ ახალ გუნდში სასტარტოში ადგილი ჯერჯერობით არ დაუმკვიდრებიათ. ახლა მათ ექნებათ შესაძლებლობა თავი გამოიჩინოთ თავიანთ გუნდებში და მზად იყვნენ ნაკრებში გამოძახებისთვის.

 

  • საქართველოს ნაკრები გუნდი შეიძლება ახალი წევრებით გაძლიერდეს. შექმნილ ვითარებაში ვლადიმირ ვაისის ყურადღების მიპყრობის შანსი აქვთ ახლა ბელარუსში მოთამაშე სამ ქართველ ფეხბურთელს (ლაშა შინდაგორიძე, გეგა დიასამიძე, გიორგი ქანთარია). მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მთელმა ევროპამ საფეხბურთო მატჩები გადადო, ბელარუსის გამონაკლისით. ამ ქვეყანაში გათამაშება ჩვეულებრივი რეჟიმით ტარდება და ყველას ყურადღება აქ არის კონცენტრირებული. ნაკრებში მოხვედრის ოცნება შეიძლება აიხდინონ ყაზახეთის ჩემპიონატში წელს გადასულმა ლევან კუტალიამ და უნგრეთში მოასპარეზე ბუდუ ზივზივაძემ, ისევე როგორც თბილისის “დინამოს” გამორჩეულ ფეხბურთელს – ნიკა ნინუას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი 31 მარტს იწურებოდა. ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დარჩენის საკითხიც სწორედ 26 მარტს გასამართ საქართველო – ბელარუსის მატჩის შედეგზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით აღნიშნული მატჩი გადადო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაცია კმაყოფილია ვაისის მუშაობით და მისი დამსახურებაა ის, რომ ნაკრებმა ასეთ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

“ჩვენი მიზანია საქართველოს ნაკრები ვლადიმირ ვაისმა მოამზადოს.” – ფედერაციის სახელით განაცადა იაშვილმა. შექმნილ ვითარებაში ცხადია, რომ ფედერაცია მწვრთნელთან კონტრაქტს სულ მცირე ერთი წლით გაახანგრძლივებს და ვაისს შესაძლებლობა ექმება დასახულ მიზანს მიაღწიოს და “ქართული ფეხბურთის ისტორია გადაწეროს”.

ვლადიმირ ვაისი: “ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ქართულ ფეხბურთს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის. ეს ის მომენტია, როცა შეგვიძლია ქართული ფეხბურთის ისტორია გადავწეროთ”.

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ბელარუსის ნაკრების შესახებ