კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფელის ვისენტეს კომენტარი “ფეიენოორდთან” მატჩის შემდეგ

Image source: FC Dinamo Tbilisi

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „ფეიენოორდთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ამაყობს თავისი ფეხბურთელებით და კმაყოფილია გუნდის ასპარეზობით ევროპის ლიგაზე.

„ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ამიტომ, შედეგით დამწუხრებულნი ვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდებით, აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობთ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ.

ჩვენ გავაგრძელებთ იმავე ბილიკზე სიარულს, რომელზეც აქამდეც მივდიოდით. ვთვლით, რომ შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ მთავარია კოლექტიურობა და არა ინდივიდუალურობა. ამჟამად ვერ გეტყვით დარჩება თუ არა გუნდში. ეს საკითხი სპორტული დირექტორისა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, ვიმეორებ, შენგელია ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა კოლექტიურ თამაშს გააჩნია.

ჩემი აზრით, აქამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ და მგონია, რომ ინდივიდუალური მოთამაშეების მიღმა მთავარი გუნდურობაა.

გარემოებების გათვალისწინებით თავდამსხმელების გარეშე ვიყავით. კუტალიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხოლო კარიკარის ტრავმა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე რაც შეგვეძლო ის შემადგენლობა გამოვიყვანეთ მოედანზე. თუმცა, შევძელით მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რამდენიმე საგოლე მომენტიც გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. ვიმეორებ, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და მათი დღევანდელი თამაშით. პირველ თამაშში მე-80 წუთამდე 1:0 იყო და მსაჯის გადაწყვეტილებით დიდი ანგარიშით წავაგეთ. ამიტომ, შეიძლებოდა განსხვავებული შედეგი დაფიქსირებულიყო.

მთლიანობაში ვამაყობ ევროსარბიელზე განვლილი გზით. ძალიან რთულია, რომ ოთხი თამაშის განმავლობაში გოლი არ გაუშვა. „ფეიენოორდი“ კი ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. ვიმეორებ, რომ არ ყოფილიყო გაძევება და ბოლო 8 წუთში მომხდარი სხვა უბედურებებიც, შეიძლებოდა ახლა მომდევნო ეტაპზე გვესაუბრა. საბოლოო ჯამში გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

როგორც ვიცი სატრანსფერო ბაზარი ახლა დახურულია. არსებული შემადგენლობა ჩვენი აზრით ძალიან კარგია და ვეცდებით, რომ შიგნიდან გავძლიერდეთ. ამჯერად უმთავრესი საქმე რაც ჩვენს წინაშეა, ეროვნული ლიგის მოგებაა.

კობოურმა მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად მძიმეა ეს ტრავმა, რადგან სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია. შესაძლებელია ქუთაისში ითამაშოს კიდეც.

ვფიქრობ, შულაიამ პირველი ყვითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო, მაგრამ მეორეს არმგონია, რომ იმსახურებდა. ჩემი აზრით, გაფრთხილების შემდეგ აღარ იყო საჭირო გაძევება“, – თქვა ვისენტემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდთან“ ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

 

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა