Categories

Additional

Website Language

Active date

ანდრეი დემჩენკო: “ქართველებს შეტევა და შემოქმედებითი თამაში გიყვართ”

ანდრეი დემჩენკოს ინტერვიუ

Image source: FC Dila Gori ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონის, საპრესკონფერენციო დარბაზში, მედიისა და გულშემატკივართა წინაშე, მთავარი მწვრთნელის – ანდრეი დემჩენკოს და გუნდის ახალწვეულების პრეზენტაცია შედგა.

მედიასთან კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ილაპარაკა.

“ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი. მე მიყვარს ეს ქვეყანა. აქ ნამყოფი ვარ როგორც ტურისტი და როგორც ფეხბურთელი. ახლა კი მაქვს ბედნიერება, მწვრთნელის ამპლუაშიც ვიყო საქართველოში. ადრე არაერთ ქართველ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ ქვეყნისა და ქართველების მიმართ…

მინდა გითხრათ ჩემს შესახებაც. 15 წლის ვიყავი, როცა მოსკოვის “ცსკაში” გადამიყვანეს, იქიდან “აიაქსმა” გამომისყიდა და ჰოლანდიურ გრანდში 4 წელიწადი გავატარე. ცხადია ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იყო. მართალია, არ ვყოფილვარ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, უმეტესად შეცვლაზე შევდიოდი, მაგრამ, სამაგიეროდ, მქონდა პრაქტიკა დიდებულ კლუბში, შესანიშნავი ფეხბურთელების გვერდით. იქ შევიძინე დიდი გამოცდილება, ცოდნა, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა… მას შემდეგ ეს ყველაფერი, ასევე ფეხბურთის ჰოლანდიური სტილი, მინდა შევიტანო იმ კლუბებში, სადაც მიწევს მწვრთნელად მუშაობა. “აიაქსის” შემდეგ დავბრუნდი უკრაინაში და ვთამაშობდი სამშობლოში. მწვრთნელად პირველად ზაპოროჟიეს “მეტალურგში” დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდი ასაკობრივ ნაკრებში, შემდეგ რამდენიმე გუნდში და ბოლოს ხარკოვის “მეტალისტში”…

დღეს კი გორის “დილაში” ვარ. ვფიქრობ, ეს პერსპექტიული გუნდია. “დილამ” მოიპოვა ევროტურნირის საგზური, რაც ძალიან კარგი სტიმული და შანსია გუნდისთვის, ფეხბურთელებისთვის, ხელმძღვანელობისთვის რათა ავიდნენ ახალ სიმაღლეზე. მინდა მთელი ენერგია ჩავდო სამუშაოში. მინდა გარკვეული უკრაინული წვლილი შევიტანო გუნდის თამაშში, ვგულისხმობ იმას, რომ ქართველებს შეტევა და შემოქმედებითი თამაში გიყვართ, თუმცა ცოტას მოიკოჭლებთ დისციპლინასა და დაცვაში. ამიტომ, სურვილი მაქვს, უკრაინული ფეხბურთის კულტურის შერწყმით დაბალანსებული გუნდი შევქმნა, რომელიც კარგადაც შეუტევს და კარგადაც დაიცავს თავს. ჩემი მოთხოვნები იქნება, ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთი – მთელმა გუნდმა შეუტიოს და მთელმა გუნდმა იზრუნოს დაცვაზე.

გავაანალიზე გუნდის თამაში, განვლილი ჩემპიონატის მატჩებს გადავხედე… ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ცხადია, სხვაგვარად თამაშობდნენ. ახლა, ოდნავ განსხვავებულად ვითამაშებთ, ამიტომ, გთხოვთ, თავდაპირველად ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით, რადგან ვქმნით ახალ გუნდს, ახალი სისტემით და, შესაბამისად, იქნება ძნელი, თუმცა იქნება საინტერესო პროცესი…

ვერ გეტყვით, რომ, მაგალითად, მიზნად პირდაპირ ჩემპიონობა ან ცხრილში სულ ზემოთ საფეხურზე ყოფნა გვაქვს დასახული. ჯერ უნდა ვისწავლოთ თამაშების მოგება და მერე დავისახოთ ის მიზნები, რაც ამ შედეგებიდან გამომდინარეობს. იმედი გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით წინ” , – განაცხადა დემჩენკომ.

 

 

 

წყარო – lelo.ge

 

 

 

 

 

 

გია ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადება