კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახი კახიაშვილი: “თუ ვარჯიშს მალე არ განვაახლებთ, პრობლემების წინაშე დავდგებით”

Image source: Kakhi Kakhiashvili Facebook Page

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ხალხმრავალი და მათ შორის სპორტული ღონისძიებები გაურკვეველი დროით შეჩერდა. შეკრებები შეაჩერა ასევე საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ სახლში დარჩენის რეკომენდაციები გასცა. ამ დრომდე ძალოსნები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ფორმის შენარჩუნება სახლის პირობებში უწევთ.

COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წლიდან 2021 წლისთვის გადაიდო ტოკიოს ოლიმპიადა, თუმცა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, იოშირო მორიმ განაცხადა, რომ თუ პანდემია იმ დროისთვისაც იქნება, ოლიმპიური თამაშების გაუქმება მოუწევთ, რადგანაც ტექნიკურად ტურნირის ორი წლით გადადება ძალიან რთულია.

VbetNews-ი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, კახი კახიაშვილს დაუკავშირდა და ამ და სხვა თემებზე რამდენიმე კითხვით მიმართა.

 

– როგორია ვითარება ძალოსნობის ფედერაციაში? სად და როგორ ატარებენ კარანტინს ძალოსნები? როგორ შეიცვალა ცხოვრების რიტმი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე?

ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა სპორტული თუ სხვა ორგანიზაციები COVID 19-ის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ჩვენ, ფედერაციის თანამშრომლები ისევ ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ ჩვენს სპორტსმენებს ხელი შევუწყოთ სახლის პირობებში ვარჯიშში. იმ სპორტსმენებს რომელთაც სურთ სპორტული ფორმის შენარჩუნება საჭირო ინვენტარს სახლში ვატანთ და მწვრთნელებიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ ვიდეოზარით ავარჯიშონ ძალოსნები, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა მათთვის. შეუძლებელია პროფესიულ დონეზე სათანადო სპორტული ფორმის შენარჩუნება, თუმცა რადგან ქვეყანაში ასეთი ვითარებაა ვითვალისწინებთ მედიცინისა და მთავრობის განკარგულებებს და ვცდილობთ იმ რეალობას მოვერგოთ რაც დღეს გვაქვს.

 

– როდის შეწყვიტა ფედერაციამ შეკრებები? როგორ პირობებში ვარჯიშობენ სპორტსმენები და ახერხებენ თუ არა ფორმის შენარჩუნებას?

სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების  მწვრთნელები და სპორტსმენები  შეკრებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც სახლში დარჩენის რეკომენდაციები გაიცა. ჩვენი ნაკრები გუნდები მთავრობის განკარგულებას მაშინვე დაემორჩილნენ და შეკრება შეწყვიტეს.  ამჟამად ძალოსნები როგორც უკვე მოგახსენეთ სახლის პირობებში ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას, რაც პროფსიონალი სპორტსმენისთვის საკმარისი არაა. მოგეხსენებათ, ჩვენს სპორტსმენებს საკმაოდ დიდ წონებთან უწევთ შეჭიდება და სახლის პირობებში ამისი გაკეთება წარმოუდგენელია. შეუძლებელია სრული წონების დაძლევა, რადგან საცხოვრებელი სახლები ამ დატვირთვას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ძალოსნები იმედოვნებენ, რომ მალე დაუბრუნდებიან დარბაზებს და სრულყოფილ ვარჯიშს განაახლებენ.

 

– ლაშა ტალახაძე როგორ ფორმაშია? სად და როგორ ემზადება? როგორ იმოქმედებს მასზე ეს კარანტინი და გაცდენილი დრო?

ლაშა ჩვეულებრივად სახლის პირობებში, საჩხერეში განაგრძობდა ფიზ. მონაცემების შენარჩუნებას, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ტალახაძეზე არანაირი პრობლემა და გამოწვევა არ იმოქმედებს და ლაშა ისევ კარგ სპორტულ ფორმაშია.

 

– რა დროისთვის გეგმავთ სრულფასოვანი ვარჯიშების აღდგენას? რომელი ტურნირებისთვის ემზადება საქართველოს ძალოსანთა ნაკრები კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ?

სრულფასოვანი ვარჯიშის აღდგენა სამწუხაროდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და სპორტის ხერლმძღვანელობას თხოვნით, რომ დაგვიშვან შეკრებაზე, რადგან წინ გველის ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი, დიდების ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ასევე  ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიზენციო ტურნირია და თუ ვარჯიშს მალე არ განვაახლებთ, პრობლემების წინაშე დავდგებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ვარჯიშები უკვე განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სპორტსმენების მეტოქეები უკვე ემზადებიან ჩემპიონატებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცემენ ვარჯიშის საშუალებას, სპორტსმენები საკარანტინო რეჟიმში გადავლენ და სოციალურ დისტანციასაც დაიცავენ. ამ ამოცანას ისიც გვიმარტივებს, რომ ძალოსნობა არაკონტაქტური სახეობაა, სპორტსმენს მხოლოდ შტანგასთან უწევს ურთიერთობა და მეორე პირთან კონტაქტი გამორიცხულია. ასე რომ იმედი გვაქვს, რომ შეკრებას მთავრობის ხელმძღვანელთა ნებართვით უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ.

 

– როგორ ფიქრობთ, გაიმართება თუ არა ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში და რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ტურნირიც გადაიდოს? რა მიზნები გაქვთ დასახული იმ დროისთვის, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ამ ეტაპისთვის ევროპის ჩემპიონატი ნოემბერშია ჩანიშნული, რომელსაც მოსკოვმა უნდა უმასპინძლოს. ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა ჩატარდება თუ არა. ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსზე და ასევე საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე. იმედი მკაქვს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და სპორტიც თავის კალაპოტში ჩადგება.

 

– ბევრ სპორტულ სახეობებში კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი გაჩნდა․ ძალოსნობაზე როგორი გავლენა იქონია კორონავირუსმა? 

ჩვენთან ყველაფერი ისე დარჩა როგორც იყო.

 

– მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. კორონავირუსის გამო ტოკიო-2020 უკვე გადაიდო 2021 წლისთვის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პანდემია იმ დროისთვისაც იყოს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ ოლიმპიადა გაუქმდეს. როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს ძალოსნობაზე, ფედერაციაზე და სპორტსმენებზე?

ოლიმპიადა თუ არ ჩატარდება იქნება ეს პირველი და უპრეცედენტო სიახლე. ოლიმპიური თამაშები თავისი არსებობის ისტორიაში აქამდე  მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს გაუქმებულა. მოგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები არის ყველაზე მნიშველოვანი ასპარეზობა ანტიკურ და თანამედროვე სპორტში. მისი გაუქმება ტრაგედია იქნება სპორტისთვის. სორტსმენი მთელი ცხოვრება სწორედ ოლიმპიადისთვის ემზადება და მისი გაუქმება სპორტისთვის ტრაგედიაა.

 

– რას ურჩევთ მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში?

მოსახლეობას ვურჩევდი დავრჩეთ სახლში, რათა მალე მოვერიოთ ამ ურთულეს გამოწვევას.

 

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ევრო-2020-ის გადადებამ დადებითად იმოქმედოს საქართველოს ნაკრებზე